ტაბაღუა: რუსთავში სტაბილური სიტუაციაა და ამ ეტაპზე კორონავირუსის გავრცელების საფრთხე არ არსებობს

1229

წინა სტატია

რუსთავში სტაბილური სიტუაციაა და ამ ეტაპზე კორონავირუსის გავრცელების საფრთხე არ არსებობს, – ამის შესახებ რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. მისივე თქმით, დღეიდან რუსთავში შესვლასა და სხვა ქალაქებში გასვლაზე შეზღუდვა მოიხსნა, თუმცა სტაბილური სიტუაციის შენარჩუნება, მომავალში დამოკიდებული იქნება მოსახლეობის მხრიდან საზოგადოებრივი დისტანცირებისა და სხვა არსებული რეკომენდაციების დაცვაზე.

„დღეიდან ქალაქი გახსნილია და ავტოსატრანსპორტო საშუალებებს თავისუფლად შეუძლიათ გადაადგილება, გარდა კომენდანტის საათისა – 21:00 საათიდან, დილის 6 საათამდე და ეს რეგულაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ვრცელდება. ქალაქში სტაბილური, ასე ვთქვათ კონტროლირებადი სიტუაცია გვაქვს. ყველაფერი მაინც დამოკიდებული იქნება მოსახლეობის მიდგომაზე, იმაზე თუ როგორ დაიცავენ ისინი დადგენილ წესებსა და რეგულაციებს. მე დიდი იმედი მაქვს, რომ რუსთავის მოსახლეობა ამას შეძლებს და მაღალი საზოგადოებრივი თვითშეგნებით, აქტივობით ყველა რეგულაციას შეასრულებს, ეს იქნება წინაპირობა იმისა, რომ ხვალ და ზეგ უფრო მობილიზებული იყოს ქალაქი“, – განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

რუსთავის მერის განცხადებით, ქალაქში სულ 9 შემთხვევა დაფიქსირდა კოვიდ ინფიცირების, აქედან 8 გამოჯანმრთელდა. მეცხრე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მას სიმპტომები აღარ აქვს და დღე-დღეზე ელოდებიან მის გამოჯანმრთელებას.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 212 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 652 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 383 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა.