ზუგდიდში ბოტანიკური ბაღის ლოგო შეარჩიეს, ლოგოს ბიუჯეტი 2000 ლარია

882

13 მაისს ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ლოგოს შესარჩევი დროებითი კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც კომისიის წევრებმა გამარჯვებული გამოავლინეს. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.

„დაახლოებით 70 ვარიანტი გვქონდა, მათი შეფასება იყო დახურული, კომისიის წევრებს მხოლოდ ნიმუშების გვქონდა და არ ვიცოდით ნამუშევრების ავტორები ვინ იყვნენ, ჯერ გამოვლინდა მათ შორის 12, რომელმაც ყველაზე მაღალი ქულა დააგროვა, შემდეგ აქედან მოხდა საუკეთესოს არჩევა, რომელიც დღეს გამოვლინდა, ავტორია ცოტნე ბურდული, რომლის შესახებაც დღეს გავიგე“, – გვითხრა „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის” დირექტორმა ზვიად ქარჩავამ.

ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის” ლოგოს შესაქმნელად საკონკურსო პირობები მიმდინარე წლის მარტში განისაზღვრა. რომლის მიხედვით, ლოგო უნდა ყოფილიყო პოზიტიური, მარტივი და ადვილად აღსაქმელი. ის არ უნდა იწვევდეს მცდარ ასოციაციებს. ასევე, ლოგო არ უნდა შეიცავდეს პლაგიატს და უნდა იყოს ვიზუალურად მიმზიდველი.

ლოგო უნდა შეესაბამებოდეს ბოტანიკური ბაღის საქმიანობას. მასზე აუცილებლად ფიგურირებდეს ენდემური სახეობის მცენარე, ან მცენარის შემადგენელი ნაწილი. მაგალითად, კოლხური ბზა, ძელქვა თუ სხვა. მასზე უნდა იყოს დატანილი დადიანების საგვარეულოს მაიდენტიფიცირებელი შენობის კონტური, ორნამენტი, აბრევიატურა ან სხვა დეტალი, რომელიც დაკავშირებული იქნება სამეგრელოს მთავრებთან. ასევე, ლოგოზე ბოტანიკური ბაღის დაარსების თარიღი – 1840 წელი უნდა გამოისახოს და წარწერა ქართულ და ინგლისურ ენებზე – “ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი”.

რაც შეეხება ტექნიკურ პირობებს, ლოგო უნდა იყოფოდეს ორ ნაწილად – გაფართოებული და ცალკეული მისი დეტალი. ცალკეული ნაწილი უნდა ინარჩუნებდეს გაფართოებულ ლოგოსთან ასოციაციას.

ამავდროულად, ის პროგრამულად მარტივი დასამუშავებელი უნდა იყოს და ადვილად ექვემდებარებოდეს ზომების ცვლილებებს, მაღალი ხარისხის შენარჩუნებით. ლოგოს დატანა შესაძლებელი უნდა იყოს, ქაღალდის საბეჭდ პროდუქციაზე (სავიზიტო ბარათები, ბროშურები, ბანერები), აქსესუარებზე (ჭიქები, საწერკალმები), სპეც. ტანსაცმელზე (ქუდები, მაისურები)

ლოგოს ბიუჯეტი 2000 ლარია.