ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში წყლის დაზიანებული მილიდან ქუჩა იტბორება

816

კომბინატის დასახლებაში, ჯანაშიას ქუჩაზე წყლის მილია დაზიანებული და ქუჩის ნაწილი იტბორება. ადგილობრივი მცხოვრებლები „ლაივპრესთან“ საუბარში ამბობენ, რომ წყლის მილის დაზიანება ამ ქუჩისთვის არახალია და წლებია ყოველი შეკეთების შემდეგ ისევ ანალოგიური პრობლემა დგება. ამის შესახებ ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, ამ ქუჩის მცხოვრებლები ონკანიდან წამოსულ წყალს დასალევად ვერ იყენებენ. ამბობენ, რომ უვარგისია.

ზუგდიდის მერიაში განაცხადეს, რომ კეთილმოწყობის სამსახური ინფორმირებულია აღნიშნულთან დაკავშირებით და დღესვე მოგვარდება პრობლემა.

მუნიციპალიტეტის საკრებულოში კომბინატის დასახლების მაჟორიტარი დეპუტატის, სალომე ფაცაციას განმარტებით, მილის კონკრეტული უბნის დაზიანების აღმოფხვრა საკმარისი არ არის, რადგან მთლიანად წყლის მაგისტრალია გამოსაცვლელი. მისი განმარტებით, ადგილზე მერიც იმყოფებოდა და დაწყებულია ამ მიმართულებით მუშაობა:

„ის მილი გარკვეულ მონაკვეთში რომ შეაკეთონ, საკმარისი არ არის, იმიტომ რომ აქ დაზიანებულია მთლიანად მაგისტრალი. უახლოეს დღეებში უნდა გამოცხადდეს ტენდერი, რომ ის მთლიანად შეიცვალოს. მილი რამდენჯერმე, მანამდე რამდენიმე ადგილას შეაკეთეს, მაგრამ ისვე დაზიანდა“, – განაცხადა სალომე ფაცაციამ.

მისი ინფორმაციით, კომბინატის დასახლების სხვა მონაკვეთებში მსგავსი პრობლემები მოგვარებულია და დარჩა მხოლოდ ეს უბანი.