ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ქვეყნის მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, ეს იქნება სახელმწიფო თუ კერძო ინფრასტრუქტურული პროექტები, არცერთი დღით არ შეფერხდეს, განსაკუთრებით, ახლა, როდესაც ეტაპობრივად მიმდინარეობს გახსნა.
როგორც მინისტრმა განაცხადა, ფოთის ე.წ. პეისის ტერმინალის პროექტი, რომელიც გასული წლის სექტემბერში დაიწყო, ახლა უკვე აქტიურ ფაზაში გადავიდა.
„შეგახსენებთ, რომ ეს არის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სულ მცირე, ორნახევარი მილიონი ტონა მშრალი, ნაყარი ტვირთების და გარკვეული რაოდენობა კონტეინერების გადამუშავებას. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ჩვენი შავიზღვისპირეთის საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ახლა, ამ დღეებში უკვე აშშ-ს საერთაშორისო განვითარების ინსტიტუტმა უკვე გადმორიცხა პირველი 30 მილიონი დოლარი. მთლიანობაში 50 მილიონი დოლარით შემოდის ეს სტრუქტურა დაფინანსებაში. ეს არის აშშ-ს ფინანსური თანამონაწილეობა ამ პროექტში და შესაბამისად, პროექტი უკვე გადამწყვეტ ფაზაში გადავიდა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 212 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 652 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 383 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა.