ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევები 15-მდე გაიზარდა.
ე.წ. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, COVID-19-ზე ტესტირება 58 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან ორს ვირუსი დაუდასტურდა. მათივე ცნობით, ერთ-ერთი მათგანი რუსეთის უნივერსიტეტის სტუდენტია, რომელიც აფხაზეთში გუშინ, 13 მაისს დაბრუნდა.
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გაგრაში 7 აპრილს დაფიქსირდა. დეფაქტო ხელისუფლების ცნობით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებული 12 პაციენტი მკურნალობს. 2 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 212 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 652 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 383 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 ადამიანი კი გარდაიცვალა.