როდის გაიხსნება ვიზიტორებისთვის სამცხე–ჯავახეთში არსებული მუზეუმ–ნაკრძალები

657

კორონავირუსის პრევენციის გამო, სამცხე–ჯავახეთში მუზეუმ–ნაკრძალები მარტის დასაწყისში დაიხურა, ბორჯომის პარკი ერთადერთია რეგიონში, რომელიც ვიზიტორებისთვის არ დაკეტილა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. 

ქვეყანაში საგანგებო რეჟიმის გამოცხადების შემდეგ, ბორჯომის ცენტრალურ პარკში შესვლა უფასოა.

„რაც საგანგებო გამოცხადდა, მის მერე სალარო დაკეტილია, შესვლა უფასოა ამ ეტაპზე, მაგრამ ფაქტობრივად არავინ დადის. როდის განვაახლებთ ჩვეულ რეჟიმში მუშაობას ჯერ არ ვიცით“, – ამბობს პარკის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი კოსტანტინე კუჭუხიძე.

ახალციხის ციხე 17 მარტს დაიკეტა. ააიპ–ის დირექტორი დავით ტაბატაძე ამბობს, რომ უახლოეს პერიოდში ციხის გახსნა არ იგეგმება.

„ჯერ არ ვიცით როდის გავიხსნებით, პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ შიდა ტურიზმი 15 ივნისს გაიხსნებაო მაგის გარდა არაფერი ვიცით, ველოდებით პასუხს. ერთი კვირით ადრე მაინც გვეცოდინება, სანამ გავიხსნებით და დავაანონსებთ“, – თქვა ტაბატაძემ.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ რეგიონში მდებარე მუზეუმ–ნაკრძალების გახსნის ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა ეს პერიოდი უკვე ახლოსაა.

„ჯერ–ჯერობით გახსნის რეკომენდაცია არ მიგვიღია, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ეს პერიოდი ნამდვილად ახლოვდება. პირველ ეტაპზე შიდა ტურიზმისთვის და შემდეგ 1 ივლისიდან ეს ყველაფერი იქნება ადაბტირებული უცხოელ ტურისტებზეც. გახსნა აბსოლუტურად იქნება თავსებადი იმ გეგმასთან, რომელიც საკოორდინაციო საბჭომ წარმოადგინა. ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროდან რეკომენდაციებს ველოდებით“, – განაცხადეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

შეიცვლება თუ არა მუზეუმ–ნაკრძალებში ბილეთის ფასი, ამ ეტაპზე უცნობია, სააგენტოში განაცხადეს, რომ ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღიათ.