მოხის მეჩეთის საქმეზე საქართველომ სასამართლო წააგო – სტრასბურგმა დისკრიმინაცია დაადგინა

519

სტრასბურგის სასამართლომ, ადიგენის მუნიციპალიტეტის, სოფელი მოხის ცენტრში არსებული სადავო შენობის გამო, 2014 წლის 22 ოქტომბერს მომხდარი დაპირისპირების საქმეზე, დისკრიმინაცია დაადგინა და საქართველოს მთავრობას, მომჩივანი ოთხი პირისთვის, ზიანის ანაზღაურების მიზნით, 9 300 ევროს გადახდა დაავალა. მომჩივანთა უფლებებს, საქმეზე სახელწოდებით “მიქელაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ”, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტები იცავდნენ. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

საქმე 2014 წლის ოქტომბერში სოფელ მოხეში პოლიციის მხრიდან ადგილობრივი მუსლიმების დაკავებისა და ღირსების შემლახავ მოპყრობას ეხება.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამ საქმეზე სახელმწიფომ დაარღვია ევროპული კონვენციის მე-3და მე-14 მუხლები, რაც გულისხმობს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის და დისკრიმინაციის აკრძალვას.

მომხდართან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლომ საქართველო დაავალდებულა, რომ გადაწყვეტილების მიღებიდან, 16 ნოემბრიდან სამი თვის ვადაში, მომჩივან მხარეს, არამატერიალური ზიანის ანაზღაურებისთვის თანხა გადაუხადოს შემდეგ პირებს: 3900 ევრო თეიმურაზ მიქელაძეს და 1 800 – 1 800 ევრო ოთარ მიქელაძეს, მალხაზ ბერიძეს და გოჩა ბერიძეს.

გადაწყვეტილების თანახმად, ოთხივე მომჩივანის, თეიმურაზ მიქელაძის, ოთარ მიქელაძის, მალხაზ ბერიძის და გოჩა ბერიძის მიმართ, დადგინდა მე-3 მუხლის პროცედურული ასპექტის დარღვევა როგორც დამოუკიდებლად, ასევე მე-14 მუხლთან მიმართებით. ასევე, სასამართლო ადგენს, რომ თეიმურაზ მიქელაძის მიმართ ადგილი ჰქონდა მე-3 მუხლის არსებითი ასპექტის დარღვევას. სხვა სამი აპლიკანტის მიმართ მე-3 მუხლის არსებითი ასპექტის დარღვევა არ დადგენილა.

სასამართლოს გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ, რომ არ არის საჭიროება, არსებითად განიხილოს მომჩივანთა საჩივრები მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობა), მე-11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მუხლებთან მიმართებით.

სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ საქმის მასალებში წერია, რომ საქმის შინაარსი შეეხებოდა პოლიციის მიერ ძალის გადამეტებას და დისკრიმინაციული ენის გამოყენებას მომჩივანი პირების დაკავების პროცესში.

„აღნიშნული ოთხი პირი, 2014 წლის 22 ოქტომბერს, დაკავებული იქნენ სამართალდამცავების მიერ, იმ დროს, როცა ადგილობრივებთან ერთად აპროტესტებდნენ ძველი მეჩეთის ბიბლიოთეკად გადაკეთების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას. დაკავების შემდეგ, ისინი მეორე დღეს გაათავისუფლეს.

პოლიციის მაშინდელი განცხადებით, დაკავებულებმა წინააღმდეგობა გაუწიეს სამართალდამცავების კანონიერ მოთხოვნას და მათივე თქმით, არ ჰქონია ადგილი რაიმე დამაკნინებელ ქმედებას ადგილი, თუმცა მომჩივანი მოქალაქეები აღნიშნავდნენ პოლიციის მიერ დამამცირებელი მოპყრობის ფაქტს. მათივე თქმით, პოლიცია მათ ფიზიკურად და ვერბალურად გაუსწორდა მათი დაკავების მომენტში, რაც გამოწვეული იყო სამართალდამცავების დისკრიმინაციული დამოკიდებულებით მუსლიმური რწმენის მიმართ“, – წერია განცხადებაში.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით: „სასამართლომ განმარტა, რომ კონვენციის მესამე მუხლი მოიცავს როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ ტანჯვასაც და პირველი განმცხადებლის, თეიმურაზ მიქელაძის ნაწილში კონვენციის მე-3 მუხლის არსებითი დარღვევა დაადგინა.

სასამართლომ თეიმურაზ მიქელაძესთან მიმართებით მიიჩნია, რომ სახელმწიფომ ვერ განმარტა საიდან მომდინარეობდა ის ფიზიკური დაზიანებები, რაც წარმოდგენილ მტკიცებულებებში ჩანდა და ვერ დაამტკიცა, რომ მის წინააღმდეგ პოლიციას ძალა არ გამოუყენებია. აქედან გამომდინარე, სასამართლომ პირველ განმცხადებელთან მიმართებაში მესამე მუხლის არსებითი (მატერიალური) დარღვევაც დაადგინა. თუმცა სასამართლომ მტკიცებულებები არ მიიჩნია საკმარისად რომ მე-3 მუხლის არსებითი ნაწილის დარღვევის შემთხვევაშიც დაედგინა დისკრიმინაციის ფაქტი პირველ აპლიკანტთან მიმართებაში.

სასამართლომ ასევე განმარტა, რომ ხელისუფლებამ დისკრიმინაციულ მოტივებზე დაყრდნობით არ გამოიძია განმცხადებლების მიმართ არასათანადო და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები. მტკიცებულებების შეფასებით სასამართლომ დაადგინა, რომ განმცხადებლების ბრალდებები კუმულატიურად წარმოადგენს კონვენციის მესამე მუხლის პროცედურული ნაწილის (ეფექტიანი გამოძიების ვალდებულების) დარღვევას დისკრიმინაციის აკრძალვის შესახებ მუხლის დარღვევასთან ერთად“.

მომჩივანი და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა არაადამიანური მოპყრობის და რელიგიური დისკრიმინაციის ფაქტი ზოგიერთი მომჩივნის შემთხვევაში, ზემოაღნიშნული მუხლების მიხედვით და დააკისრა საქართველოს მთავრობას, ოთხი პირისთვის, ჯამში 9.300 ევროს ეკვივალენტი ლარში გადახდა.

ამავე საქმეზე, 2014  წელს, ადიგენის სოფელ მოხეში, სადავო შენობის თემაზე დაწყებული დაპირისპირების დროს დაკავებული თეიმურაზ მიქელაძე, რომელიც პოლიციელებს  სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებდა, პროკურატურამ დაზარალებულად ცნო. უწყებამ უკვე ყოფილ პოლიციელებს ბრალი შვიდი  წლის შემდეგ  წარუდგინა. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ მათ 4000-4000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

რა მოხდა მოხეში

სოფელ მოხეში, სოფლის ცენტრში მდგარი შენობა სადავო 2014 წლის ოქტომბერში, მას შემდეგ გახდა, რაც ადიგენის გამგეობამ გადაწყვიტა სოფლის ცენტრში მდგარ შენობაში კულტურის სახლი და ბიბლიოთეკა მოეწყო და მის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა.

2014 წლის 22 ოქტომბერს, მშენებელი კომპანია შენობის დანგრევას პოლიციელების ცოცხალი ჯაჭვის დახმარებით ცდილობდა, მცდელობას ადგილობრივ მუსლიმებსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა, შედეგად 14 მუსლიმი დააკავეს, – 11 ადმინისტრაციული, 3 კი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებით.

რელიგიური კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად, მაშინ მოხეში სახელმწიფო კომისია შეიქმნა, კომისიას შენობის წარმომავლობა უნდა დაედგინა. სოფელი შეთანხმდა, რომ კომისიის დასკვნის გასაჯაროებამდე, პრეტენზიას აღარავინ გამოთქვამდა.
ამ ამბებიდან ზუსტად ორი წლის თავზე, 2016 წლის ოქტომბერში, მუსლიმები სადავო შენობაში თვითნებურად შევიდნენ და ლოცვა დაიწყეს. ეს ფაქტი იმით ახსნეს, რომ კერძო სახლი, სადაც აქამდე ლოცვას აღავლენდნენ, მეპატრონეს დასჭირდა. სამი დღის შემდეგ, მოხეში სამართალდამცველებმა სადავო შენობას პოლიციის ლენტი შემოავლეს, შესასვლელი კი ფიცრებით ჩაკეტეს.

მოგვიანებით, 2017 წელს, სოფელ მოხეში სადავო შენობის ირგვლივ ღობე შემოავლეს, კულტურის სამინისტრომ აქ მოხეს კომისიის გადაწყვეტილების მიხედვით, საკონსერვაციო სამუშაოები დაიწყო. ღობის შიგნით მოხვდა სადავო შენობის ეზოს ის ნაწილი, სადაც მაშინ  მუსლიმები ღია ცის ქვეშ ლოცულობდნენ.