სოფელ ტაძრისში მერის წარმომადგენლად სერგო შაყულაშვილი დაინიშნა. მანამდე ამ პოზიციას თამაზ ჩუტკერაშვილი იკავებდა, იგი სამსახურიდან მიმდინარე წლის აპრილში წავიდა.
სერგო შაყულაშვილი მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა, მას მსგავს პოზიციაზე აქამდე არ უმუშავია.
იგი 1987 წელს დაიბადა, 2010 წელს დაამთავრა ახალციხის სასწავლო უნივერსიტეტი. 2008 –2018 წლებში ბორჯომში, სოფელ ქვაბისხევის საჯარო სკოლაში ისტორიის პედაგოგად მუშაობდა.
ცნობისთვის, შაყულაშვილამდე ტაძრისის ადმინისტრაციული ერთეულში მერის წარმომადგენლი თამაზ ჩუტკერაშვილი იყო, თუმცა მას შემდეგ რაც „სამხრეთის კარიბჭე“ მისი სამეწარმეო საქმიანობით დაინტერესდა, პოზიცია დატოვა.
ჩუტკერაშვილი მეორე წელია სატყეო სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებს იგებს. ბორჯომის მერის მოვალეობის შესრულებელმა დავით ზაალიშვილმა” სამხრეთის კარიბჭესთან” 10 აპრილს განაცხადა, რომ იგი წინააღმდეგია მისი თანამშრომელი პარალელურად სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდეს. ზაალიშვილის განცხადებიდან მალევე ჩუტკერაშვილმა მერის წარმომადგენლის პოზიცია დატოვა.
ჩუტკერაშვილის სამსახურიდან წასვლის საკითხი, „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ იურისტის, გიგი ჩიხლაძის განცხადებით, ეჭვებს აჩენს.
„თუ ამ კაცს სამსახურიდან წასვლა აიძულეს ეს სისხლის სამართლის დანაშაულია, თუ არ აიძულეს და თვითონ წავიდა, მესმის, მაგრამ დროშიც აშკარა დამთხვევაა. ჩემთვის გაუგებარია რატომ შეიძლება ეიძულებინათ ეს კაცი სამსახურიდან წასვლაზე. რადგან ის მერის წარმომადგენელია ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაო დროს აკეთებდა საქმეს“, – განაცხადა 10 აპრილს “სამხრეთის კარიბჭესთან” ჩიხლაძემ.