“კანონიც რომ აძლევდეს უფლებას, მუნიციპალიტეტი წინააღმდეგია” – რატომ დატოვა თანამდებობა ტაძრისში მერის რწმუნებულმა

571

სოფელ ტაძრისში მერის წარმომადგენელმა, თამაზ ჩუტკერაშვილმა თანამდებობა, მას შემდეგ დატოვა, რაც “სამხრეთის კარიბჭე“ მისი სამეწარეო საქმიანობით დაინტერესდა. მეორე წელია იგი სატყეო სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებს იგებს. იურისტთა ნაწილი ინტერესთა კონფლიქტზე საუბრობს, ნაწილში კი ეჭვს წარმომადგენლის სამსახურიდან წასვლა იწვევს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

გამოცემის ცნობით, თამაზ ჩუტკერაშვილი ტაძრისის თემში მერის წარმომადგენლად 2014 წელს დაინიშნა. 2019 წლიდან იგი, როგორც ინდ. მეწარმე, ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში იღებს მონაწილეობას. ტენდერები სამცხე ჯავახეთის სატყეო სამსახურის ახალციხის სატყეო უბნის თისელის სატყეოს მე-18 კვარტალში, სანიტარულ ჭრებსა და სხვადასხვა სამუშაოს შეეხება.

2019 წლის, 6 დეკემბერს სანიტარული ხე-ტყის/მერქნული რესურსის დამზადების მომსახურების გაწევაზე გამოცხადებული ტენდერი 37 917 ლარად მოიგო, ის ერთადერთი პრეტენდენტი იყო.

მეორე ტენდერშიც, რომელიც მიმდინარე წლის 19 მარტს გამოცხადდა, ჩუტკერაშვილმა 32 949 ლარით გაიმარჯვა და ახლა ხელშეკრულების გაფორმება მიმდინარეობს.

ბოლო ტენდერში ჩუტკერაშვილთან ერთად მონაწილეობას, სოფელ გიორგიწმინდაში მცხოვრები ბადრი ღამბაშიძეც იღებდა. მისი განცხადებით, მერის წარმომადგენელის გამარჯვება ეჭვს იწვევს და ამით შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ.

„გვიან გავიგე თურმე გამგებელია საკირეში. მე მაინც გავრისკე და მივიღე მონაწილეობა, ვიცოდი რომ წასაგებად ვიყავი განწირული, მაგრამ მაინც ვცადე, საბოლოოდ მან გაიმარჯვა“, – ამბობს ბადრი ღამბაშიძე.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტი გიგი ჩიხლაძე, ჩუტკერაშვილის სამეწარმეო საქმიანობაში პრობლემას ვერ ხედავს, რადგან იგი არ ითვლება საჯარო მოხელედ და ხელშეკრულებით დასაქმებული პირია.

„ინტერესთა კონფლიქტის კუთხით, პრობლემა არ აქვს კანონთან, მას შეუძლია ტენდერებში მონაწილეობა. სხვა საკითხია და მოსაკვლევია ის, რომ ტედნერი შეიძლება მასზე იყოს მორგებული და მის უკან სხვისი ფინანსური დაინტერესება იყოს“, – აცხადებს გიგი ჩიხლაძე.

განსხვავებულად ფიქრობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი, ქეთი ბებიაშვილი. იგი ამბობს, რწმუნებულს არ აქვს უფლება სამეწარმეო საქმიანობაში ჩაებას.

„როგორ უთავსებს მერის წარმომადგენლის და ინდ. მეწარმის საქმიანობას, მაშინ, როცა სამუშაო გრაფიკი არის რვა სამუშაო საათი, ანუ დილის 9 საათიდან 6–მდე ის უნდა მუშაობდეს. ეს კი არის დრო, როცა ტენდერები და ზოგადად სამეწარმეო საქმიაობის განხორცილება უნდა მოხდეს. შეთავსებას როგორ აკეთებს ეს ადამიანი? ხომ უნდა იჯდეს ტენდერი რომ მოიგოს, დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს, ანუ გამოდის რომ ის სამსახურეობრივ დროს იყენებს. თან ხელფასი აქვს და თან სამეწარმეო საქმიანობას ეწევა. ამ შემთხვევაში შეიძლება დადგეს საკითხი – მერმაც ხომ არ იცის და ადგილი ხომ არ აქვს კორუფციულ გარიგებას“,-ამბობს ბებიაშვილი.

ამის შემდეგ რედაქცია ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელს, დავით ზაალიშვილს დაუკავშირდა. მან გვითხრა, რომ მისი წარმომადგენლის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია არ აქვს და ამ საკითხით დაინტერესდება.

„თუ კანონი უფლებას აძლევს, მუნიციპალიტეტი მაინც წინააღმდეგია. იმიტომ, რომ მუნციპალიტეტის თანამშრომელს დრო არ აქვს იმის რომ სახელმწიფო საქმეები, რაშიც ხელფას იღებს მეორე ეტაპზე ჰქონდეს და თავისი პირადი საქმეები აკეთოს“,-ამბობს ზაალიშვილი.

ბორჯომის მერთან საუბრის შემდეგ, მეორე დღეს, ტაძრისის რწმუნებულმა თანამდებობა დატოვა. მასთან დაკავშირება „სამხრეთის კარიბჭემ“ ვერ შეძლო, რადგან იგი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

მერის მოვალეობის შესრულებელმა, დავით ზაალიშვილმა კი განაცხადა, რომ ჩუტკერაშვილი სამსახურიდან პირადი განცხადების საფუძველზე წავიდა.

„წლების განმავლობაში მამამისი იყო ინდ. მეწარმე, საკალმახეც აქვთ. როგორც თვითონ განმიმარტა, მამამისი გახდა შეუძლოდ, ამიტომ კომპანია გადაიფორმა. აპირებდა რწმუნებულის პოზიციის დატოვებას, თუმცა ბოლო პერიოდში არსებული მოვლენების გამო, მერის [ლევან ლიპარტია] დაკავების ამბავი, შემდეგ ეგ ვირუსებიც დაემთხვა და ვეღარ მოვახერხა“,-ამბობს ზაალიშვილი.

საჯარო რეესტრის 2011 წლის ამონაწერით „თამაზ ჩუტკერაშვილი – ინნა“–ს ხელმძღვანელი მერის წარმომადგენელია. თამაზ ჩუტკერაშვილი აწერს ხელს სატყეო სააგენტოსთან გამოფორმებულ ხელშეკრულებებსაც.

მერის წარმომადგენლის სამსახურიდან წასვლის საკითხი, „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ იურისტის, გიგი ჩიხლაძის განცხადებით, ეჭვებს აჩენს.

„თუ ამ კაცს სამსახურიდან წასვლა აიძულეს ეს სისხლის სამართლის დანაშაულია, თუ არ აიძულეს და თვითონ წავიდა, მესმის, მაგრამ დროშიც აშკარა დამთხვევაა. ჩემთვის გაუგებარია რატომ შეიძლება ეიძულებინათ ეს კაცი სამსახურიდან წასვლაზე. რადგან ის მერის წარმომადგენელია ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაო დროს აკეთებდა საქმეს“.