იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის თქმით, წელს დაახლოებით 30%-ით მეტი მიწა დამუშავდა იმერეთის რეგიონში, ვიდრე ეს ხდებოდა წინა წლების განმავლობაში და დღეს გაცხადებული დახმარებები უფრო მეტს ბიძგს მისცემს ფერმერებს, რომ კიდევ უფრო მეტი მიწა დამუშავდეს და კიდევ უფრო მეტი მოსავალი მოვიდეს.
“ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყველა იმ ადამიანმა, ვინც დარჩა მიწის რეგისტრაციის გარეშე, აუცილებლად დაირეგისტრირონ და ამისთვის გამარტივდა კიდეც ეს პროცესი და დღეს გაცხადებული შეღავათები იქნება კიდევ დამატებითი სტიმული იმისთვის, რომ ყველა ადამიანმა წლის ბოლომდე მიწა დაირეგისტრიროს და დარწმუნებული ვარ, 100%-ით იქნება წლის ბოლოსთვის მიწები დარეგისტირებული იმიტომ, რომ მიიღონ ეს შეღავათები”, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.
ცნობისთვის, გუშინ საქართველოს მთავრობამ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა. პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, თითოეული ფერმერი, რომელსაც დარეგისტრირებული მიწა აქვს, ერთ ჰექტარზე 200 ლარის სუბსიდირებას მიიღებს. გარდა ამისა, ყველა ფერმერი ერთ ჰექტარზე 150 ლიტრ დიზელის საწვავს მიიღებს, რომელიც გარანტირებულად, საბაზრო ფასზე ერთი ლარით იაფი იქნება.
ამასთან, 2020 წელს 42 000 ფერმერი გათავისუფლდება სამელიორაციო მომსახურების საფასურისგან. ასევე, ფერმერებს, რომლებსაც ტექნიკის შეძენა დასჭირდებათ, მათ სახელმწიფო, გრანტის სახით 5%-ს დაუფინანსებს.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 212 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 647 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 372 უკვე გამოჯანმრთელდა, 11 ადამიანი კი გარდაიცვალა.