დავითაშვილი: ერთწლიანი კულტურებისთვის 6 თვის საპროცენტო განაკვეთი სრულად დაფინანსდება

976

ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, აგროწარმოებისთვის ახალი საბანკო შეღავათები დაწესდა. ერთწლიანი კულტურებისთვის 6 თვის საპროცენტო განაკვეთი სრულად დაფინანსდება, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

“ჩვენ ვაძლევთ საშუალებას, რომ საკრედიტო ინსტრუმენტით ისარგებლონ დაინტერესებულმა პირებმა. 5 000-დან 100 000 ლარამდე სესხებია განსაზღვრული ამ პროექტის ფარგლებში, სადაც პროცენტის სრული თანადაფინანსებაა გათვალისწინებული. ფაქტობრივად ეს არის უფასო ფული და მხოლოდ ნასესხებ თანხას აბრუნებს მსესხებელი. აღსანიშნია ისიც, რომ უზრუნველყოფის ნაწილში სახელმწიფო 50 პროცენტს ფარავს. ამ შემთხვევაშიც კრედიტუნარიანობას ვუზრდით ფერმერებს”, — განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გიორგი გახარიამ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა. მისი განცხადებით, თითოეული ფერმერი, რომელსაც დარეგისტრირებული მიწა აქვს, ერთ ჰექტარზე 200 ლარის სუბსიდირებას მიიღებს. გარდა ამისა, ყველა ფერმერი ერთ ჰექტარზე 150 ლიტრ დიზელის საწვავს მიიღებს, რომელიც გარანტირებულად, საბაზრო ფასზე ერთი ლარით იაფი იქნება.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 212 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 639 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 349 უკვე გამოჯანმრთელდა, 11 ადამიანი კი გარდაიცვალა.