ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ფერმერები აგროწარმოებისთვის 50-პროცენტიან გრანტს მიიღებენ. სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით აღნიშნული დახმარება ყველა ფერმერისთვის იქნება ხელმისაწვდომი. პროექტის ბიუჯეტი 10 მილიონი ლარია.
50-პროცენტიანი თანადაფინანსება არაუმეტეს 50 ათას ლარს შეეხება:
- სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენას;
- ახალი სასათბურე მეურნეობის მოწყობას ან/და არსებული სასათბურე მეურნეობის მოდერნიზაციას;
- ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის სარწყავი სისტემის შესყიდვას/მონტაჟს.
ამასთან, სოფლის მეურნეობის თქმით, პროგრამა დანერგე მომავლის ფარგლებში არსებული შეღავათების გარდა შესაძლებელი იქნება მრავალწლიანი კულტურებისთვის სარწყავი სისტემის შესყიდვა/მონტაჟის თანადაფინანსება. 1 ჰექტარზე არაუმეტეს 2 500 ლარის 50-პროცენტიანი თანადაფინანსება იქნება. პროექტის ბიუჯეტი 13 მილიონი ლარია.
საქართველოს მთავრობამ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა. პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, თითოეული ფერმერი, რომელსაც დარეგისტრირებული მიწა აქვს, ერთ ჰექტარზე 200 ლარის სუბსიდირებას მიიღებს. გარდა ამისა, ყველა ფერმერი ერთ ჰექტარზე 150 ლიტრ დიზელის საწვავს მიიღებს, რომელიც გარანტირებულად, საბაზრო ფასზე ერთი ლარით იაფი იქნება.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 212 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 639 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 349 უკვე გამოჯანმრთელდა, 11 ადამიანი კი გარდაიცვალა.