ყველა ფერმერი, რომელიც ლეგალურად ფლობს მიწის ნაკვეთს და გარკვეული ტიპის დამადასტურებელი საბუთი გააჩნია, ის შეძლებს უფასოდ მიწის რეგისტრაციას, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.
როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, პროექტი გრძელდება წლის ბოლომდე და ფერმერებს შეუძლიათ ამ დრომდე მოახდინონ მიწის რეგისტრაცია.
„ჩვენ რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ სპორადული რეგისტრაციის რეფორმა, ეს არის იუსტიციის სამინისტროს ინიციატივა, რომელიც მსხვილ საკანონმდებლო პაკეტს მოიცავდა, რომელიც პროაქტიულად იუსტიციის სამინისტროს სხვადასხვა ბლოკის მუშაობას განაპირობებდა იმისთვის, რომ არქივიდან მოძიებულიყო ინფორმაცია უფასოდ, რეგისტრაცია ყოფილიყო უფასო და ა.შ. ეს რეფორმა დღესაც ძალაშია, მთავრობამ გაახაგრძლივა და ფაქტობრივად, ყველა ფერმერს, რომელიც ლეგალურად ფლობს მიწის ნაკვეთს და გარკვეული ტიპის დამადასტურებელი საბუთი გააჩნია, ის შეძლებს უფასოდ მიწის რეგისტრაციას. წლის განმავლობაში პროექტი გრძელდება და წლის ბოლოსაც რომ მოახდინოს ფერმერმა რეგისტრაცია, ის ამ შეღავათს მაინც მიიღებს, მომავალ წელსაც რომ გადავიდეს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
გიორგი გახარიამ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა. მისი განცხადებით, თითოეული ფერმერი, რომელსაც დარეგისტრირებული მიწა აქვს, ერთ ჰექტარზე 200 ლარის სუბსიდირებას მიიღებს. გარდა ამისა, ყველა ფერმერი ერთ ჰექტარზე 150 ლიტრ დიზელის საწვავს მიიღებს, რომელიც გარანტირებულად, საბაზრო ფასზე ერთი ლარით იაფი იქნება.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 212 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 639 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 349 უკვე გამოჯანმრთელდა, 11 ადამიანი კი გარდაიცვალა.