ლევან დავითაშვილი: ფერმერებისათვის აგროდაზღვევა 3-წლიანი იქნება

1250

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ფერმერებისათვის აგროდაზღვევა 3 – წლიანი გახდება. როგორც დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 3 – წლიანი დაზღვევა საშუალებას მისცემს ფერმერებს მოსავლის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხები მომავალი წლის რისკების დაზღვევისთვის მიმართოს.

„აგროდაზღვევა ერთ-ერთი ყველაზე რთული ამოცანაა ნებისმიერი სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის ნებისმიერ ქვეყანაში და წარმატებული მაგალითი დედამიწაზე არ არსებობს. თუმცა, წლიდან – წლამდე საქართველოში ეს კომპონენტი იხვეწებოდა. ფერმერებს დღეს აქვთ წარმატებული გამოცდილება სადაზღვეო სერვისით სარგებლობის. დღეს აგროდაზღვევა იქნება 3 – წლიანი, ეს საშუალებას მისცემს ფერმერებს, რომ მიღებული მოსავლის რეალიზაციის შედეგად თანხები მიმართოს მომავალი წლის რისკების დაზღვევისთვის და ეს არის დიდი მოქნილობა ჩვენი ფერმერებისთვის,” – განაცხადა ლევან დავითაშვილმა სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ფერმერებს დაზღვევის პროგრამით ჩართულობისკენ მოუწოდა. მისი განცხადებით, მცირე მეურნეობებისთვის სადაზღვევო პრემიის თანადაფინანსება დაახლოებით 70 პროცენტიანი იქნება.

„სამწუხაროდ, ახლა სოფლის მეურნეობაში საკმაოდ რისკიანი ფაზა გვაქვს და მოვუწოდებ ფერმერებს, ისარგებლონ დაზღვევის პროგრამით, რაც გვაძლევს საშუალებას მინიმუმამდე შევამციროთ სადაზღვეო რისკები. მცირე მეურნეობებისთვის დაახლოებით 70%- იანი თანადაფინანსებაა სადაზღვევო პრემიის და ეს ერთ-ერთ კარგ პროექტად ითვლება საერთაშორისო დონეზეც,“ – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

გიორგი გახარიამ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა. მისი განცხადებით, თითოეული ფერმერი, რომელსაც დარეგისტრირებული მიწა აქვს, ერთ ჰექტარზე 200 ლარის სუბსიდირებას მიიღებს. გარდა ამისა, ყველა ფერმერი ერთ ჰექტარზე 150 ლიტრ დიზელის საწვავს მიიღებს, რომელიც გარანტირებულად, საბაზრო ფასზე ერთი ლარით იაფი იქნება.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 212 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 639 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 349 უკვე გამოჯანმრთელდა, 11 ადამიანი კი გარდაიცვალა.