დავითაშვილი: დასაქმებული მოსახლეობის 29%-ია სოფლის მეურნეობაში ჩართული, მაგრამ ვხედავთ, რომ თავიანთ ნაკვეთებს უფრო მეტი ადამიანი უბრუნდება

456

დასაქმებული მოსახლეობის 29%-ია სოფლის მეურნეობაში ჩართული, მაგრამ ტენდენციაა და ვხედავთ, რომ თავიანთ ნაკვეთებს უფრო მეტი ადამიანი უბრუნდება,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სოფლის მეურნეობის სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, სოფლის მეურნეობის დაინტერესებულ პირებს აგროკრედიტის პროგრამით დაეხმარებიან.

„ყველაზე უნივერსალური პროგრამა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ უკვე 2013 წლიდან ეს არის აგროკრედიტის პროგრამა, ეს არის საკრედიტო იაფი რესურსები ჩვენი სოფლის მეურნეობისთვის. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაპირება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან იყო, რომ ასეთი რესურსი არსებობდა სოფლის მეურნეობაში. ეს არის პროექტი, რომელიც წლიდან წლამდე იცვლის სახეს, გარკვეულ მოდიფიკაციას გადის რეალობიდან გამომდინარე. ჩვენ დავინახეთ, რომ რეალობა ბანკებში შეცვლილია, აქედან გამომდინარე, ისევე როგორც ეს იყო ეკონომიკის სამინისტროს შემთხვევაში, ზოგადად სხვა ინდუსტრიებისთვის საპროცენტო განაკვეთი ჩვენ გავზარდეთ იმისთვის, რომ მეტი იყოს თანადაფინანსება, მეტი შესაძლებლობა ჰქონდეს აგროსასურსათო სექტორს და სასურსათო ბიზნესებს. მაგრამ აქ არის მნიშვნელოვანი ელემენტი, ეს არს ახალი შესაძლებლობები, ჩვენ ვთქვით, რომ კრიზისთან ერთად შესაძლებლობები ჩნდება ფერმერებისთვის. ბევრი საუბარი იყო ამ პერიოდის განმავლობაში, რომ ადამიანები მიუბრუნდნენ სოფელს, იცით, რომ დასაქმებული მოსახლეობის 29%-ია სოფლის მეურნეობაში ჩართული, მაგრამ ტენდენციაა და ვხედავთ, რომ თავიანთ ნაკვეთებს უფრო მეტი ადამიანი უბრუნდება. მათ სჭირდებათ შესაძლებლობები იმისთვის, რომ ლეგალურად რეგისტრირებულ მიწებზე შეძლონ სასოფლო-სამეურნეო წარმოება“, – განაცხადა დავითაშვილმა.

გიორგი გახარიამ სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა. მისი განცხადებით, თითოეული ფერმერი, რომელსაც დარეგისტრირებული მიწა აქვს, ერთ ჰექტარზე 200 ლარის სუბსიდირებას მიიღებს. გარდა ამისა, ყველა ფერმერი ერთ ჰექტარზე 150 ლიტრ დიზელის საწვავს მიიღებს, რომელიც გარანტირებულად, საბაზრო ფასზე ერთი ლარით იაფი იქნება.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 212 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 639 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 349 უკვე გამოჯანმრთელდა, 11 ადამიანი კი გარდაიცვალა.