თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი გაიხსნა. თუმცა, ჯერჯერობით, ადგილზე რჩება იქ განთავსებული ბლოკ-პოსტები და მოსახლეობის თერმოსკრინინგი გრძელდება.
ღვანკითი 23 აპრილს, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო ჩაიკეტა.
ღვანკითში კოვიდ 19-ის 13 შემთხვევა დაფიქსირდა და სწორედ ამის შემდეგ გადაწყდა მისი ჩაკეტილ ზონად გამოცხადება.
ჯერ კიდევ დილით იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული აცხადებდა, რომ ღვანკითში დაწესებული შეზღუდვების მოხსნა უახლოეს დღეებში მოხდებოდა.
იმერეთის რეგიონში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ამ დროისთვის არც ერთ სოფელსა და ქალაქში აღარ მოქმედებს.
კორონავირუსის რამდენიმე დადასტურებული შემთხვევის შემდეგ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი 23 აპრილიდან ჩაიკეტა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 212 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 639 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 349 უკვე გამოჯანმრთელდა, 11 ადამიანი კი გარდაიცვალა.