იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება უახლოეს დღეებში იგეგმება.
როგორც ზვიად შალამბერიძემ აღნიშნა, ვადები დამოკიდებულია პროტოკოლზე, რომლის მიხედვითაც სოფელში შეზღუდვები დაწესდა.
„ჩვენ ღვანკითთან დაკავშირებით ეპიდემიოლოგების რჩევით მკაცრი პროტოკოლი გავატარეთ იქედან გამომდინარე, რომ ბევრი შემთხვევა იყო დაფიქსირებული, რის შედეგადაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩაკეტილიყო მთლიანად სოფელი და მოქცეულიყო საკარანტინო ზონაში. ყველა ის ღონისძიება, რაც შემდეგ ადგილზე გატარდა, იყო სწორედ პრევენციის, რომ სოფელში აღარ ყოფილიყო შემდგომი გავრცელება. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ გატარებული ზომებიდან გამომდინარე, შედეგი მივიღეთ და უახლოეს დღეებში იგეგმება ღვანკითის გახსნა და მიღებული ზომების შემსუბუქება”, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.
მისივე თქმით, სახელმწიფო სოფელ ღვანკითის მოსახლეობას პროდუქციის რეალიზაციაში დაეხმარა.
“სოფელში იყო პროდუქცია, რომლის რეალიზაციაც უჭირდათ მოქალაქეებს, რისთვისაც გამოვძებნეთ სხვადასხვა გზები მათთვის, ადგილზე ჩააკითხეს და შეიძინეს დაინტერესებულმა პირებმა პროდუქცია და მისი რეალიზაცია მოხდა უკვე სხვადასხვა ქალაქებში. ნებისმიერ შემთხვევაში სახელმწიფო რეაგირებდა ძალიან ოპერატიულად ყველა საკითხზე, რაც შეიძლება დამდგარიყო ღვანკითის მოსახლეობის წინაშე”, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
კორონავირუსის რამდენიმე დადასტურებული შემთხვევის შემდეგ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი 23 აპრილიდან ჩაიკეტა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 212 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 639 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 349 უკვე გამოჯანმრთელდა, 11 ადამიანი კი გარდაიცვალა.