რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებამ კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანის ინფიცირება დაადასტურა. საერთო რიცხვი 10-მდე გაიზარდა. მათგან COVID-19-ით ერთი პაციენტი გარდაიცვალა.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, პაციენტი გუდაუთის ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც კორონავირუსით დაინფიცირებული კიდევ 6 პაციენტი მკურნალობს.
აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 10 შემთხვევაა დადასტურებული. 2 პაციენტი, მათ შორის ერთ-ერთი 95 წლის ქალი, უკვე გამოჯანმრთელდა. კორონავირუსს 1 ადამიანი ემსხვერპლა.
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გაგრაში 7 აპრილს დაფიქსირდა.
აფხაზეთის დეფაქტო მთავრობა მოქალაქეებს მოუწოდებს, არ მივიდნენ მასობრივი თავშეყრის ადგილებში, მაქსიმალურად სახლში დარჩნენ და საჭიროების შემთხვევაში გარეთ გასვლის დროს ნიღბები გამოიყენონ.
საქართველოს მეორე ოკუპირებული რეგიონის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას კორონავირუსის 23 შემთხვევა აქვს დადასტურებული.
ორივე ოკუპირებულ რეგიონში ინფიცირებული თითქმის ყველა პირი რუსეთში იმყოფებოდა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 212 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 639 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 349 უკვე გამოჯანმრთელდა, 11 ადამიანი კი გარდაიცვალა.