ზუგდიდის დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში, ნიკოსეული სასახლის სიახლოვეს მიწის ნაკვეთი გაიყიდა. ყოფილმა მესაკუთრემ, გია უბირიამ 995 კვ.მეტრი ტერიტორია შპს “ლაზეთი გრუპს” მიმდინარე წლის 20 მარტს მიჰყიდა. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
მიწის მეპატრონე კომპანია ზუგდიდშია რეგისტრირებული. მისი ხელმძღვანელი და 50%-იანი წილის მფლობელი რუსეთის მოქალაქე ლალიტა შერვაშიძეა, დანარჩენი 50%-ის კი ბიზნესმენ ზურაბ კვირკვიას ძმა, მამუკა კვირკვია. ეს ის ზურაბ კვირკვიაა, რომელიც ზუგდიდის ყოფილი მერის ლაშა გოგიას და ყოფილი ვიცე-მერის გია გულორდავას საქმეში ფიგურირებს.
თუ რა მიზნით შეიძინა მიწის ნაკვეთი და როგორ სურს მისი განვითარება, მამუკა კვირკვია ჯერ არაფერს ამბობს. “ლაივპრესს” მხოლოდ ის უთხრა, რომ როცა რაიმე “კონკრეტული ექნებათ” სათქმელი, ყველა შეკითხვას უპასუხებს.
“ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს გეტყვით”, – აღნიშნა კომპანიის თანამფლობელმა.
დადიანების მიწის გასხვისება 2018 წელსაც იგეგმებოდა. მაშინ ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა და საწყისი ღირებულება 482,250 ლარით განისაზღვრა. ტერიტორიას იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო ყიდდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ინფორმაცია “ლაივპრესმა” გაავრცელა, აუქციონი შეწყდა.
მაშინ აღსრულების ეროვნულ ბიუროში გვითხრეს, რომ აუქციონის შეწყვეტის მიზეზი პროკურატურის წერილი გახდა.
დადიანების მიწის პრეისტორია
მიწის ნაკვეთი გია უბირიამდე, პოლიტიკური პარტია ენმ-ის წალენჯიხის ყოფილ მაჟორიტარ დეპუტატს, ლევან ქარდავას ეკუთვნოდა. მან ტერიტორია 2007 წელს შეიძინა. მაშინ ლევან ქარდავამ “ლაივპრესს” უთხრა, რომ აუქციონის წესით ნაკვეთის შეძენა “სამეგრელოს მაშინდელმა ხელმძღვანელმა პირებმა სთხოვეს”. კონკრეტულად თუ ვინ, ვერ გაიხსენა.
ყოფილმა დეპუტატმა ტერიტორიის შესაძენად 135 ათასი დოლარის ექვივალენტი ლარი გადაიხადა.
კიდევ უფრო ადრე, ლევან ქარდავამდე, მიწის ნაკვეთით ბიზნესმენმა გოჩა ფიფიამაც ისარგებლა. მან იქ ამფითეატრი გახსნა, თუმცა თავად მიწა მის საკუთრებაში არ ყოფილა.
შარშან, ზუგდიდის მერმა, გიორგი შენგლიამ მიწის გაყიდვის საკითხზე კომენტარისას განაცხადა, რომ ტერიტორიის ამოსასყიდი თანხა ადგილობრივ ბიუჯეტს არ გააჩნდა.
დადიანების ისტორიულ-არქიტექტორული მუზეუმის დირექტორი ლილი ბერაია ირწმუნებოდა, რომ მიწა ყოველთვის დადიანების საკუთრება იყო და სასახლეს უნდა დაბრუნებოდა.