დღეიდან ბოლნისის სოფელ მუშევანში ეპიდემიოლოგიური კვლევა გაძლიერდება

516

დღეიდან სოფელ მუშევანში ეპიდემიოლოგიური კვლევა გაძლიერდება. კორონავირუსით ინფიცირებული ცხრა ახალი პაციენტიდან, შედარებით მძიმეა 76 წლის კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მას თანმხლები დაავადებები აღენიშნება.

პაციენტი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანის მკვიდრია, სადაც ბოლო დღეებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. კვლევა ჩატარდება დღეს სოფელ გეტაშიც, სადაც დამატებით ნიმუშებს აიღებენ.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 212 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 638 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 317 უკვე გამოჯანმრთელდა, 10 ადამიანი კი გარდაიცვალა.