წელს ქუთაისში N1, N2 და N3 მუსიკალურ სკოლებს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

476

ქუთაისში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა გრძელდება. ქუთაისის მერიის ცნობით, ქუთაისის N1, N2 და N3 მუსიკალურ სკოლებს წელს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდებათ, დამონტაჟდება განათების და ცენტრალური გათბობის ახალი სისტემები.

„როგორც კი განახლდა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა, მაშინვე დავიწყეთ ქუთაისის სახელოვნებო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები. სამი მუსიკალური სასწავლებლის სრულ რეაბილიტაციაზე ჯამში 600 000 ლარზე მეტი დაიხარჯება და მალე ქალაქს თანამედროვე მოთხოვნების და სტანდარტების შესაბამისი მუსიკალური სკოლები ექნება“, – განაცხადა ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა.

ქუთაისის მუნიციალიტეტის მერიის ცნობით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების ამ ეტაპზე, ნებადართულია ინფრასტრუქტურული და სამშენებლო სამუშაოები. შესაბამისად, ქუთაისშიც გაგრძელდება მუშაობა ყველა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტზე, რაც ვირუსის გავრცელებამდე იყო დაგეგმილი.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 5 მაისიდან ყველა სახის შეზღუდვა მოიხსნა სამშენებლო სამუშაოებზე, სამშენებლო მასალების წარმოებასა და სამშენებლო ზედამხედველობასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 212 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 623 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 288 უკვე გამოჯანმრთელდა, 9 ადამიანი კი გარდაიცვალა.