საქართველო კორონავირუსისგან უსაფრთხო ტურისტულ ზონებად წყალტუბოს, გუდაურის, საირმის, აბასთუმნის, ბორჯომის და სხვა კურორტების გამოყოფას განიხილავს

1228

საქართველო „კოვიდ-19“-ისგან უსაფრთხო ტურისტულ ზონებად წყალტუბოს, გუდაურის, საირმის, აბასთუმნის, ბორჯომისა და სხვა კურორტების გამოყოფას განიხილავს, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, გამოყოს „კოვიდ-19“-ისგან უსაფრთხო ტურისტული ზონები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, ეს შეიძლება იყოს წყალტუბო, გუდაური, საირმე, აბასთუმანი, ბორჯომი და კიდევ ბევრი სხვა კურორტი, რომლებიც ისტორიულად პოზიციონირდებოდნენ, როგორც სასუნთქი ორგანოების რეაბილიტაციისთვის აუცილებელი ზონები.

„ჩვენ ამაზეც ვფიქრობთ, რადგან ტურიზმის აღდგენისთვის აუცილებელია რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვანი კონტროლის წერტილი – პირველ რიგში ეს არის საზღვარი, როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო და ჯანდაცვის სამინსიტროს უკვე მიღებული აქვს დავალება, საზღვრებზე გაძლიერდეს თითოეული შემომსვლელის კონტროლი და თუ აქამდე გვჭირდებოდა 14-დღიანი ან 24-საათიანი კარანტინი, ეს პროცედურა ერთ საათში უნდა დასრულდეს. ამისთვის საჭირო შესაძლებლობები და ტექნოლოგიები არსებობს და ჯანდაცვის სამინისტრო ამ საკითხს უახლოეს პერიოდში გადაწყვეტს. შემდგომი საკითხია სასტუმროების მართვა და ყველა იმ სტანდარტის გათვალისწინება, რომელიც დაკავშირებულია „კოვიდ-19“-ის პრევენციასთან და ზუსტად ასევე ტრანსპორტი. ეს ის ძირითადი წერტილებია, სადაც ტურიზმის აღდგენის პირობებში ჩვენ უნდა ვმართოთ რისკები“, – აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერმინისტრმა ტურიზმის ამოქმედების პოსტკრიზისული გეგმის პრეზენტაცია განმართა. გიორგი გახარიას განცხადებით, 15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდებისთვის, ხოლო პირველი ივლისიდან საქართველო იქნება მზად, რომ მიიღოს უცხოელი ტურისტები. ამასთან, გახარიას განცხადებით, 2020 წლისთვის ტურიზმის სექტორი სრულად გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 615 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 275 უკვე გამოჯანმრთელდა, 9 ადამიანი კი გარდაიცვალა.