გახარია: 2020 წლისთვის ტურიზმის სექტორი სრულად განთავისუფლდება ქონების გადასახადისგან

493

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, 2020 წლისთვის ტურიზმის სექტორი სრულად გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან. როგორც მან ტურიზმის ამოქმედების პოსტკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განმარტა, ტურიზმის სექტორში მომუშავე კომპანიების საშემოსავლო გადასახადები წლის ბოლომდე გადავადდება.

„2020 წლისთვის ტურიზმის სექტორი სრულად გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან და ეს დარგისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. გარდა ამისა, ტურიზმის სექტორში მომუშავე კომპანიების საშემოსავლო გადასახადები გადავადდება 9 თვით, წლის ბოლომდე. აქ ვერ დავპირდებით ვერავის საშემოსავლოს სრულ ჩამოწერას, თუმცა გადავადებისა და შემდგომი, ეტაპობრივი გადახდის სქემებზე საუბარი შესაძლებელია.

მოგეხსენებათ, რომ ჩვენ კრიზისის მართვის პირობებში, 50 ნომრამდე სასტუმროებს სესხის პროცენტის სუბსიდირებას დავპირდით და გავაკეთეთ. რამდენიმე ათასმა ბიზნეს ოპერატორმა და კომპანიამ ისარგებლა ამ შეღავათით. დღეს ვაწესებთ ახალ ნორმას- ჩვენ დავასუბსიდირებთ სასტუმროებს, რომელთა ბრუნვა 20 მილიონ ლარამდეა, რაც ასევე დარგის განვითარებისთვის სერიოზული მხარდაჭერა იქნება“,- განაცხადა პრემიერმა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 615 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 275 უკვე გამოჯანმრთელდა, 9 ადამიანი კი გარდაიცვალა.