მთავრობა 20 მილიონამდე ბრუნვის სასტუმროებს 5 მლნ-ის სესხის პროცენტის 80%-ს დაუსუბსიდირებს

730

უპრეცედენტო პროგრამას ვიწყებთ, რომლითაც ყველა სასტუმროს, რომლის წლიური ბრუნვაც 20 მილიონ ლარამდე იყო, დავუსუბსიდირებთ საბანკო სესხის პროცენტის 80%-ს სესხის პირველ 5 მილიონ ლარზე, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ტურიზმის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს პროგრამა 6 თვეს გაგრძელდება.

„ეს არის სასტუმროების უდიდესი უმრავლესობა, პრაქტიკულად, სასტუმრო ინდუსტრიის 95%-ზე მეტი ობიექტი. ასევე, დავეხმარებით და დავუსუბსიდირებთ ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობას, რაც სულ მალე გახდება აქტუალური და ჩვენს ტურისტულ ობიექტებს დაეხმარება, რომ საქართველოს ახალი ტურისტული იმიჯი გაიტანონ მსოფლიო ბაზარზე. ასევე, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, დავეხმარებით, მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვაში, რაშიც 1 ნაბიჯით ვუსწრებთ ბევრ სხვა ქვეყანას,“ – განაცხადა თურნავამ.

დღეს პრემიერმინისტრმა ტურიზმის ამოქმედების პოსტკრიზისული გეგმის პრეზენტაცია განმართა. გიორგი გახარიას განცხადებით, 15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდებისთვის, ხოლო პირველი ივლისიდან საქართველო იქნება მზად, რომ მიიღოს უცხოელი ტურისტები. ამასთან, გახარიას განცხადებით, 2020 წლისთვის ტურიზმის სექტორი სრულად გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 615 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 275 უკვე გამოჯანმრთელდა, 9 ადამიანი კი გარდაიცვალა.