ოდილ რენო-ბასო: EBRD-მა საქართველოში 270 პროექტში 4,9 მლრდ ევროს ინვესტიცია განახორციელა

286

ეკონომიკის სამინისტროში EBRD – ის პრეზიდენტთან შეხვედრა გაიმართა.

სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართულ შეხვედრაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტ ოდილ რენო-ბასოსთან მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრებმა – ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მიიღეს მონაწილეობა.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოსა და EBRD – ს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგი, მიმდინარე და სამომავლო პროექტები, ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულებები და სხვა. აღინიშნა, რომ ბანკმა საქართველოში განხორციელებულ 270 პროექტში 4,9 მლრდ ევროს ინვესტიცია განახორციელა. ამასთან, თანხის 79 პროცენტი კერძო სექტორის დაფინანსებას მოხმარდა.

„ხაზი გაესვა იმას, რომ ბანკის პორტფელი საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებს მოიცავს. აღინიშნა, რომ განხორციელებული ინვესტიციით ხელი შეეწყო საქართველოს ეკონომიკის მდგრად და გრძელვადიან განვითარებას.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობის ეკონომიკურ და სტრუქტურულ რეფორმებზე, რომლებიც მიმართულია ევროპული ფასეულობების დანერგვისა და ეკონომიკური გარდაქმნებისკენ.

აღინიშნა, რომ ბანკი განაგრძობს საქართველოს კერძო სექტორის მხარდაჭერას, რათა მათ უკეთ შეძლონ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული სარგებლის მიღება. ამ მხრივ, ბანკი კვლავ გამოიყენებს უკვე აპრობირებულ ინსტრუმენტებს, რომლებიც ქართველ მწარმოებლებს ევროკავშირის ბაზარზე საქართველოში წარმოებული პროდუქციის გატანასა და ბაზარზე დამკვიდრებაში დაეხმარება.

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოს პრიორიტეტებსა და სამომავლო გეგმებზე, მათ შორის, განახლებადი ენერგიის პროექტების დაფინანსებაზე. EBRD – ის მხარემ დაინტერესება გამოხატა, მხარდაჭერა აღმოუჩინოს საქართველოში როგორც მსხვილ, ისე საშუალო და მცირე ენერგეტიკულ პროექტებს. კიდევ ერთ პრიორიტეტად დასახელდა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია, რომლის მიმართაც ბანკმა ასევე გამოხატა დაინტერესება. აღინიშნა, ბანკი მხარდაჭერას აღმოუჩენს როგორც საჯარო უწყებებს კომპეტენციის ზრდის მიმართულებით, ისე – კერძო სექტორს“, – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

აღინიშნა, რომ გაგრძელდება ნაყოფიერი თანამშრომლობა საქართველოსა და EBRD – ს შორის თანამშრომლობის ახალი პრიორიტეტული მიმართულებების გათვალისწინებით.