ბაკურციხე-წნორის გზის მშენებლობის გამო რამდენიმე ათეულ მოქალაქეს უძრავ ქონებას იძულების წესით ჩამოართმევენ

406

თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის ბაკურციხე-წნორის 16 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის გამო საავტომობილო გზების დეპარტამენტს მოქალაქეების უძრავი ქონების ექსპროპრიაციის (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით) უფლება მიენიჭა.

როგორც ეკონომიკის მინისტრის ბრძანებაშია აღნიშნული, პროექტის განხორციელების მიზნით დეპარტამენტის დაკვეთით მომზადდა მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი.

თუმცა, მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად რამდენიმე მოქალაქესთან, ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვასთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული.

კერძოდ, საუბარია სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში, ქალაქ წნორში, სოფელ ანაგასა და ვაქირში, ასევე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალებისა და სოფელ ბაკურციხეში მდებარე თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე.

შესაბამისად, აღნიშნული ქონება ექსპროპრიაციას დაექვემდებარა.