მთავრობის გადაწყვეტილებით, ტურიზმის ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიები 2020 წელს ქონების გადასახადისგან თავისუფლდებიან და ამასთან, საშემოსავლო გადასახადი წლის ბოლომდე გადაუვადდებათ.
ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.
„ეს ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანია. კომპანიებს საბრუნავ საშუალებებს გამოვუთავისუფლებთ, რომ დასაქმებულები შეინარჩუნონ. ასევე საშემოსავლო გადასახადი, რომელიც აქამდე პირველ ნოემბრამდე იყო გადავადებული, გადავადდება 2020 წლის ბოლომდე და აქაც იგივე პრობლემას ვპასუხობთ. რაც შეეხება კონკრეტულ ქვედარგს, განთავსების ობიექტებისთვის, უპრეცედენტო პროგრამას ვიწყებთ და ყველა სასტუმროსთან მიმართებაში, რომლის წლიური ბრუნვაც 20 მილიონ ლარამდე იყო, ესაა სასტუმროების 95%-ზე მეტი, ჩვენ მოვახდენთ მათი საბანკო სესხის პროცენტის 80%-ის სუბსიდირებას, სესხის პირველ 5 მილიონ ლარზე და ეს პროგრამა 6 თვე გაგრძელდება“, – აღნიშნა თურნავამ.
დღეს პრემიერმინისტრმა ტურიზმის ამოქმედების პოსტკრიზისული გეგმის პრეზენტაცია განმართა. გიორგი გახარიას განცხადებით, 15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდებისთვის, ხოლო პირველი ივლისიდან საქართველო იქნება მზად, რომ მიიღოს უცხოელი ტურისტები. ამასთან, გახარიას განცხადებით, 2020 წლისთვის ტურიზმის სექტორი სრულად გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 615 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 275 უკვე გამოჯანმრთელდა, 9 ადამიანი კი გარდაიცვალა.