გოგი წულაია: 5 შვილის მამამ, რომელიც მუშად მუშაობდა, რა ცნობა მოგიტანოს რომ დაეხმარო?

1070

პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარე გოგი წულაია ქუთაისში მრავალშვილიან ოჯახში მივიდა და მათ საკვები პროდუქტები მიუტანა. წულაია ამბობს, რომ ოჯახის მარჩენალი 5 შვილის მამა თვითდასაქმებული იყო და მუშად მუშაობდა, რისი საშუალებითაც ოჯახში ყოველდღიურად შეჰქონდა თანხა. პანდემიის ფონზე კი უმუშევარი დარჩა და გაურკვეველია, როგორ უნდა დაამტკიცოს, რომ თვითდასაქმებული იყო. ამის შესახებ რადიო ძველი ქალაქი წერს. 

“მინდა ხელისუფლებას ვუთხრა, როდესაც ბიუჯეტში გაქვს თანხები რბილი ავეჯის შესაძენად, გაქვთ საწვავის თანხები, რომელსაც არამიზნობრივად ხარჯავთ. ადამიანებს უთხრა, რომ ბიუჯეტში ფული არ გვაქვს და ვერ გეხმარებით, ვთვლი რომ არის უზნეობა. ხელისუფლებამ მსგავს ოჯახებს დახმარება უნდა გაუწიოს. ეს ადამიანი მუშად მუშაობდა და ყოველდღიური შემოსავალი ჰქონდა. მივმართავ გახარიას, ამ ადამიანმა რა ცნობა მოგიტანოს რო დახმარება გაუწიო?,”- ამბობს გოგი წულაია.

მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის თანახმად, რომელიც პრემიერმინისტრმა გიორიგი გახარიამ საზოგადოებას 24 აპრილს წარუდგინა, თვითდასაქმებულ მოქალაქეებს, მათი იდენტიფიცირების შემდეგ, სახელმწიფო ერთჯერადი დახმარების სახით 300 ლარს გადაუხდის. ამ ღონისძიების ბიუჯეტი, დახლოებით, 75 000 000 ლარითაა განსაზღვრული.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 615 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 275 უკვე გამოჯანმრთელდა, 9 ადამიანი კი გარდაიცვალა.