ბათუმში ე.წ. ოცნების სახლების მშენებლობა განახლდა

412

კოვიდ19-ის პანდემიის პირობებში, აჭარაში, როგორც სახელმწიფო პროექტები, ასევე საინვესტიციო ინფრასტრუქტურული პროექტები გაგრძელდა – ამის შესახებ აჭარის მთავრობის პრესცენტრი იტყობინება. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.

აჭარის მთავრობის ცნობით, მთავრობის თავმჯდომარე ე.წ. „ოცნების ქალაქში“ მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. ამ ეტაპზე დასრულდებულია საძირკვლის მოწყობა.

მთავრობა დეველოპერულ კომპანიებს, დადგენილი უსაფრთხოების სტანდარტების დაცვისაკენ მოუწოდებს.

შეგახსენებთ, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით,  სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებზე, სამშენებლო მასალების წარმოებასა და სამშენებლო ზედამხედველობასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა, 5 მაისს მოიხსნა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 615 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 275 უკვე გამოჯანმრთელდა, 9 ადამიანი კი გარდაიცვალა.