გორის მეორე ბაზარს სველი წერტილები დაუწუნეს და გახსნის უფლება არ მისცეს

397

გორში, მეორე აგრარული ბაზარი (გეორგია 21-ე), შემოწმების დროს, დაიწუნეს, კერძოდ, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს სველი წერტილების მდგომარეობა არ მოეწონათ და 5 მაისს გახსნის უფლება არ მისცეს. ამის შესახებ ბაზრის დირექტორმა, ნუგზარ აწკარუნაშვილმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა.

მისი თქმით, კომისიის მხრიდან ასეთ დასკვნას არ ელოდა, თუმცა უახლოეს დღეებში ამ რეკომენდაციებსაც გაითვალისწინებს:

“იყო მოსული კომისია და არ მოგვცა გახსნის უფლება, რადგან სველ წერტილებთან დაკავშრებით, პრობლემები დაგვრჩა მოსაგვარებელი. რაღაც შენიშვნები მოგვცეს, რაზეც ახლაც ვმუშაობთ. სველი წერტილები შესაღებია და ნათურაა გამოსაცვლელი. ახლა ისევ მოლოდინის რეჟიმში ვართ. იმედი გვაქვს, უახლოეს მომავალში გავაგრძელებთ მუშაობას,”- აღნიშნა ბაზრის დირექტორმა ნუგზარ აწკარუნაშვილმა.

კორომავირუსის გამო, გორისა და რეგიონის სხვა ბაზრები 4 აპრილიდან დაიკეტა. აგრარული ბაზრები, შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ, ეტაპობრივად იხსნება, მათ შორის, გაიხსნა ხაშურის ბაზარი.

გორის ბაზრის ტერიტორიაზე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა, რათა დაცული ყოფილიყო ყველა ის მოთხოვნა, რაც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა.

2020 წლის 27 აპრილიდან ღია ტიპის აგრარული ბაზრების ფუნქციონირება შესაძლებელი გახდა.

ამასთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, საქართველოში მოქმედი 80 აგრარული ბაზრიდან უმრავლესობა მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და არ უნდა იყოს მოლოდინი, რომ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ყველა იმუშავებს.

ლევან დავითაშვილის თქმით, რეგიონებსა და თბილისში აგრარული ბაზრების აღდგენა ეტაპობრივად, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და რეგიონული შტაბების კოორდინაციით მოხდება.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 615 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 275 უკვე გამოჯანმრთელდა, 9 ადამიანი კი გარდაიცვალა.