ხაშურის ბაზარი 6 მაისს გაიხსნება

944

ხაშურის ბაზარი 6 მაისს გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

შემოწმების შედეგად, აღმოჩნდა, რომ აგრარული ბაზარი უკვე ყველა იმ სტანდარტს აკმაყოფილებს, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავა.

“კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბაზრის ადმინისტრაცია ვალდებულია, უზრუნველყოს მომხმარებელთა ნაკადის დაცვა, რისთვისაც სავაჭრო ობიექტის შესასვლელი და გასასვლელი გაიმიჯნა შესაბამისი ნიშნების მითითებით. ასევე, სავაჭრო ობიექტის ტერიტორიის დეზინფექცია განხორციელდება ინტენსიურად.

მოვაჭრეები კი საქმიანობას პირბადეებითა და ხელთათმანებით განახორციელებენ. დადგენილი წესების დაცვა მკაცრად გაკონტროლდება,” – აღნიშნავს გიორგი ხოჯევანიშვილი.

საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად შემსუბუქების ფარგლებში, 27 აპრილიდან საქართველოში ღია ტიპის აგრარულ ბაზრებს სამუშაოს განახლების უფლება მიეცათ. თუმცა, მათი ოპერირებისთვის სავალდებულოა ჯანდაცვის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების დაცვა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 604 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 240 უკვე გამოჯანმრთელდა, 9 ადამიანი კი გარდაიცვალა.