ჯაფარიძე: დილიდან, სამუშაოები ათამდე ინფრასტრუქტურულ პროექტზე განახლდა

1248

ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტების შემდეგ, თერმოსკრინინგი ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს , – ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში მიმდინარე თერმოსკრინინგის შედეგად, ჯერ საეჭვო სიმპტომები არ დაფიქსირებულა.

“50 პროექტზე განახლდება სამუშაოები, თუ კი დაიცავენ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს. მათი მხრიდან არსებული მოთხოვნების შესრულებას ჩვენ მკაცრად გავაკონტროლებთ. რაჭა – ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში ამ დროისთვის სიმშვიდეა. 5 ინფიცირებული შემთხვევიდან 3 გამოჯანმრთელდა და 2 მკურნალობას აგრძელებს.

ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტების შემდეგ, თერმოსკრინინგი ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს და ამ დრომდე საეჭვო სიმპტომები არ დაფიქსირებულა.

რეგიონის მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ ადამიანებს ყველა სახის ინფორმაციაზე აქვთ წვდომა და კარგად იცნობენ მთავრობის მიერ გაჟღერებულ გადაწყვეტილებებს, ასევე ზედმიწევნით იცავენ რეკომენდაციებს. შეიძლება ითქვას, რომ მაგალითსაც კი მისცემენ დანარჩენ საზოგადოებას “, – განაცხადა ჯაფარიძემ.

24 აპრილს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა წარმოადგინა. ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, მათ, ვინც სამსახური დაკარგეს, თვეში 200 ლარიან კომპენსაციას მიიღებენ, ხოლო თვითდასაქმებულები ან არაფორმალურ სექტორში დასაქმებული პირები, შემოსავლის დაკარგვის დასაბუთების შემთხვევაში, მთავრობისგან ერთჯერად ფინანსურ დახმარებას, 300 ლარს მიიღებენ.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 610 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 269 უკვე გამოჯანმრთელდა, 9 ადამიანი კი გარდაიცვალა.