როდის გაუქმდება ე.წ. კომენდანტის საათი – ჯანდაცვის მინისტრის პასუხი

2287

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის გაცხადებით, ე.წ. კომენდანტის საათის მოხსნასთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის და ქვეყანაში ეპიდსიტუაციის განვითარებას აკვირდებიან.

„კომენდანტის საათთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ ჯერჯერობით, ეპიდსიტუაციაზე დაკვირვება მიმდინარეობს. იქიდან გამომდინარე, თუ როგორი მდგომარეობა იქნება 22 მაისისთვის საქართველოში, ჩვენ მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს, თუმცა, ეს ყოველივე კვლავ დამოკიდებულია ეპიდემიის გავრცელებაზე“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 604 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 240 უკვე გამოჯანმრთელდა, 9 ადამიანი კი გარდაიცვალა.