ახალციხის აგრარული ბაზარი გაიხსნა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, აგრარული ბაზრის შესასვლელში მოქალაქეთა თერმოსკრინინგი მიმდინარეობს, მოწყობილია დეზობარიერი, გამიჯნულია შესასვლელი და გამოსასვლელი, ბაზრის ტერიტორიაზე მომხმარებლები პირბადით გადაადგილდებიან, კონტროლდება სავალდებულო 2 მეტრიანი დისტანცია.
ბაზარში არსებულ მდგომარეობას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ.
თერმოსკრინინგის პროცესის მონიტორინგს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები ახორციელებენ და მოქალაქეებს სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებენ. სავაჭრო ობიექტის გახსნის გადაწყვეტილება, სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციის საფუძველზე, საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად შემსუბუქების ფარგლებში იქნა მიღებული. აღსანიშნავია, რომ ახალციხის აგრარულ ბაზარში, მისი დახურვიდან დღემდე, სხვადასხვა სახის ღონისძიებები განხორციელდა, ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები, დახლები განთავსდა შესაბამისი დისტანციის დაცვით, მოწესრიგდა ეზო და ავტომანქანების სადგომი.
აგრარული ბაზრების გახსნა 27 აპრილიდან დაიწყო, თუმცა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, საქართველოში მოქმედი 80 აგრარული ბაზრიდან უმრავლესობა მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და არ უნდა იყოს მოლოდინი, რომ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ყველა იმუშავებს.
ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ რეგიონებსა და თბილისში აგრარული ბაზრების აღდგენა ეტაპობრივად, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და რეგიონული შტაბების კოორდინაციით მოხდება.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 604 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 240 უკვე გამოჯანმრთელდა, 9 ადამიანი კი გარდაიცვალა.