ლილოს მიუსაფართა მუნიციპალურ თავშესაფარში კორონავირუსთან დაკავშირებით ბენეფიციარებს ტესტირება არ ჩატარებიათ. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
თბილისის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ცნობით, ბენეფიციარებს ყოველდღიურად უტარდებათ თერმოსკრინინგი, კორონავირუსზე ტესტირება კი მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ჩაუტარდებათ.
„COVID19-თან დაკავშირებით, ლილოს მიუსაფართა თავშესაფარში გვაქვს კარანტინი და თავშესაფარი ჩაკეტილია. ბენეფიციარები გარეთ არ გადიან. დღეისთვის თავშესაფარში 112 ბენეფიციარი გვყავს. ყოველდღიურად ყველას ვუტარებთ თერმოსკრინინგს, მუდმივად ვამოწმებთ, ამ მხრივ, კონტროლი გაძლიერებული გვაქვს. ამდენად, დღეისათვის ტესტირების აუცილებლობა არ გვაქვს. საჭიროების შემთხვევაში, ტესტირება, რა თქმა უნდა, ჩატარდება“, – განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“თბილისის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურში.
ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყეტილებით, მაისის დასაწყისიდან სხვადასხვა ჯგუფებს კორონავირუსზე ახალი ალგორითმით იკვლევენ. როგორც ეკატერინე ტიკარაძე აცხადებდა, კვლევას ექვემდებარებიან თავშესაფრების ბენეფიციარები და სატრანზიტო მაქანების მძღოლები, ვინაიდან ისინი საკმაოდ მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან. მინისტრის განმარტებით, ამ ეტაპისთვის პაციენტების ტესტირება შესაძლებელი იქნება არა ანტიგენით, არამედ ანტისხეულით.
ეკონომიკური გახსნის გეგმის მეორე ეტაპით გათვალისწინებული საქმიანობების ნაწილი დღეიდან დასაშვები ხდება. როგორც საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, 5 მაისიდან დასაშვებია: ყველა სახის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები, სამშენებლო მასალების წარმოება და სამშენებლო ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობა; ავტოტექმომსახურება და ავტოსამრეცხაოების საქმიანობა; ასევე ქუთაისსა და ბათუმში შესვლა და გასვლა ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 604 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 240 უკვე გამოჯანმრთელდა, 9 ადამიანი კი გარდაიცვალა.