თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს მოსახლეობის თერმოსკინინგი, – ამის შესახებ ინფორმაციას თელავის მერია ავერცელებს.
მათი ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, მოხალისეთა ჯგუფები ტემპერატურას უმოწმებენ მუნიციპალიტეტის თითოეულ მაცხოვრებელს და ამ დროისთვის შემოწმება უკვე 5 000-ზე მეტმა მოქალაქემ გაიარა, თუმცა საეჭვო სიმპტომები არც ერთ პირს არ გამოვლენია.
თელავის მუნიციპალიტეტის მერის, შოთა ნარეკლიშვილის ინფორმაციით, თერმოსკრინინგი დაახლოებით ორი კვირა გაგრძელდება და ყველა მოქალაქე შემოწმდება.
„უკვე მესამე დღეა ჩვენს მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს მოსახლეობის თერმოსკრინინგი, ამ დროისთვის უკვე 5 ათასზე მეტი მოქალაქე გვყავს შემოწმებული. ეს პროცესი დაახლოებით ორ კვირას კიდევ გასტანს. ჩვენს მუნიციპალიტეტში ვირუსის არცერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული და მინდა კიდევ ერთხელ ვთხოვო მოსახლეობას, რომ გარკვეული შეღავათების დაწესების მიუხედავად, მკაცრად დაიცვან ყველა რეკომენდაცია”,- განაცხადა შოთა ნარეკლიშვილმა.
მერიის ცნობით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით სასურსათო კალათების დარიგებაც გრძელდება.
შოთა ნარეკლიშვილმა სოფელ ქვემო ხოდაშენში სასურსათო კალათი ერთ-ერთ ადგილობრივს პირადად გადასცა, მერი ასევე დაინტერესდა, რამდენად იცავს ადგილობრივი მოსახლეობა კორონავირუსის პრევენციის მიზნით გაცემულ რეკომენდაციებს.
“სურსათით ვეხმარებით სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მქონე მოქალაქეებს. რაც შეეხება საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს, პირველ ეტაპზე 3 146 აღსაზრდელზე გაიცა არამალფუჭებადი პირველადი მოხმარების პროდუქტის კალათები. უახლოეს დღეებში უკვე მეორე ეტაპს ვიწყებთ და კვლავ იგივე რაოდენობის აღსაზრდელებს გადაეცემათ სასურსათო კალათები”, – აღნიშნა მერმა.
უწყების ინფორმაციით, ამ დროისათვის, თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ სხვადასხვა სოციალური კატეგორიისა და საჭიროებების მქონე ოჯახებს უკვე 3 ათასზე მეტი სასურსათო პაკეტი გადასცა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 604 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 240 უკვე გამოჯანმრთელდა, 9 ადამიანი კი გარდაიცვალა.