ზუგდიდში, წყალმომარაგების პროექტის ფარგლებში დაზიანებულ ქუჩებზე ასფალტის საფარის დაგება გრძელდება

1034

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ზუგდიდში, წყალმომარაგების პროექტის ფარგლებში დაზიანებულ ქუჩებზე ასფალტის საფარის დაგებას ინტენსიურად აგრძელებს. სამუშაოები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული სპეციალური რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება. ამ დროისთვის, 50-მდე ქუჩის რეაბილიტაცია დასრულებულია. ამის შესახებ ინფორმაციას წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 100-ზე მეტ ქუჩაზე გზის საფარის დაგება. ობიექტებზე თერმოსკრინინგი ტარდება და გათვალისწინებულია უსაფრთხოების ყველა ზომა, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული, როგორც პრევენციისთვის აუცილებელი რეკომენდაციები, ასევე შრომის უსაფრთხოების პირობები.

ამასთანავე, წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ქალაქის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის დროს დაზიანებული ქუჩების სრულ რეაბილიტაციას კონტრაქტორი კომპანიები ,,აზ ინ შაათი“ და ,,ლუდვიგ ფაიფერი” ახორციელებენ.

ზუგდიდის წყალმომარაგების პროექტის ძირითადი ნაწილი უკვე დასკვნით ფაზაშია. ამ დროისთვის, ქალაქის 16 000-მდე აბონენტი ინდივიდუალურად გამრიცხველიანდა, ახალი ქსელი ოჯახებამდე მიყვანილია და მიმდინარეობს დარჩენილი 3 000 ოჯახის გამრიცხველიანება, რის შემდეგაც მოსახლეობა 24 საათიან წყალმომარაგებაზე გადავა.