ბათუმში, “ოცნების ქალაქში” მცხოვრებლები დენის გადასახადის საშეღავათო პერიოდის პროგრამაში ჩართვას ითხოვენ

587

“ოცნების ქალაქში” მცხოვრებლები დენის გადასახადის საშეღავათო პერიოდის პროგრამაში ჩართვას ითხოვენ. სურთ, რომ კომუნალურ გადასახადებზე სახელმწიფო შეღავათი მათზეც გავრცელდეს. აქ მცხოვრები მოქალაქეები აბონენტებად დარეგისტრირებულები არ არიან, შესაბამისად მათ მიმართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება არ ვრცელდება. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.

ე.წ. ოცნების ქალაქში ამბობენ, რომ მათ საგანგებო მდგომარეობა ისევე შეეხო როგორც ყველას, რადგან აქ მცხოვრებლების ძირითადი ნაწილი თურქეთში მუშაობდა, საზღვრის ჩაკეტვის გამო კი დღიური შემოსავლის წყარო შეუწყდათ.

„ოცნების ქალაქში“ მიმდინარე თვის ელექტრო ენერგიის ქვითრები მიუვიდათ თუმცა ჯერ არ გადაუხდიათ. ისინი სახელმწიფოს მხრიდან კომუნალური გადასახადების პროგრამაში ჩართვას ელოდებიან.

აჭარის ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ აქ მცხოვრებლებზე სახელმწიფო დახმარების ყველა პროგრამა გავრცელდება, მათ შორის მუშაობენ იმაზეც, რომ ეს ოჯახები კომუნალური გადასახადების სამთვიანი განულების პროგრამა ჩაერთონ.

პირველ აპრილს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ატიკრიზისული გეგმა წარმოადგინა. გეგმის თანახმად, მოქალაქეებს, რომლებიც 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარენ, 3 თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადი სრულად დაუფინანსდება.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 593 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 223 უკვე გამოჯანმრთელდა, 9 ადამიანი კი გარდაიცვალა.