ზუგდიდის მერია: ერთოთახიანი სახლის ნაცვლად ორი ან მეტი ოთახის სახლებს ავაშენებთ

766

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საფინანსო, საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის უფროსმა ლექსო თოდუამ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, სოციალური სახლების ახალი პროექტი უკვე მზადაა და მიმდინარეობს მისი განხილვა.

„მთავარი სიახლე ისაა, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება რომ ერთოთახიანი სახლები საერთოდ არ იქნება. თვითონ ესკიზური მოდელი იქნება სხვა. იქნება 2, 3, 4 ოთახიანი სახლები და იქნება სხვა ვიზუალის. ტენდერში გამარჯვებულია კომპანია, რომელსაც ესკიზური ვარიანტი უკვე დამზადებული აქვს, დეტალების განხილვა მიმდინარეობს, რომლის ანგარიშის განხილვას წარმოგიდგენთ პროექტის დასრულების შემდეგ“, – განაცხადა ლექსო თოდუამ.

მისივე თქმით, ერთოთახიანი სახლები აღარ აშენდება.

მოგვიანებით, მერიაში განმარტეს, რომ რამდენოთახიანი სახლი გადაეცემა ამ თუ იმ ოჯახს, ამას შესაბამისი კომისია გადაწყვეტს.

„ოროთახინი სახლები 1 და 2 სულიანი ოჯახებისთვის იქნება, ხოლო მეტი 3 და 4 სულიანი ოჯახებისთვის,თუმცა ეს კომისიური წესით გადაწყდება“, – აცხადებენ მერიაში.

2020 წელს, სოციალური სახლი 27 ოჯახს უნდა გადასცენ.

მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 2015 წელს დაიწყო.