იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში სერვისის მისაღებად მოქალაქეებს mygov.ge-ზე წინასწარ რეგისტრაცია მოუწევთ

1472

იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები ახალი პრინციპით იმუშავებენ, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, მოქალაქეებმა სერვისის მისაღებად ვიზიტი მოქალაქის პორტალ my.gov.ge-ს მეშვეობით უნდა დაჯავშნონ.

„იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები ახალი პრინციპით იმუშავებენ. იმისათვის, რომ მოქალაქემ შეიტანოს განაცხადი ამა თუ იმ სერვისზე და მოხვდეს იუსტიციის სახლის, საზოგადოებრივი ცენტრის ან დროებითი სანოტარო ბიუროს შენობაში, საჭიროა მოქალაქის პორტალ my.gov.ge-ს მეშვეობით ვიზიტი მისთვის სასურველ დღესა და დროს დაჯავშნოს. ამ პორტალის გვერდის ავლით შენობაში ვერც ერთი მოქალაქე ვერ მოხვდება, ჯავშნის ელექტრონული სისტემა უკვე მოქმედებს, შესაბამისად, დღეიდან ყველას შეუძლია დაჯავშნოს ვიზიტი და ხვალ დილიდან ეწვიოს ამ დაწესებულებებს სასურველი სერვისის მისაღებად. ერთადერთი სერვისი, რომელიც ჯერჯერობით ხელმიუწვდომელი რჩება, არის რიტუალის მეშვეობით ქორწინების სერვისი, ვინაიდან ეს გულისხმობს გარკვეული რაოდენობის ადამიანთა ერთად ყოფნას დახურულ სივრცეში. დროებითი წესი იმოქმედებს სულ მცირე საგანგებო მდგომარეობის ვადით და ეპიდსიტუაციის შეფასების კვალდაკვალ ამის კორექტირებას შევძლებთ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ შენობაში არ დაიშვება არავინ პირბადის გარეშე, ასევე არ დაიშვებიან არასრულწლოვნები“, – განაცხადა წულუკიანმა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 593 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 223 უკვე გამოჯანმრთელდა, 9 ადამიანი კი გარდაიცვალა.