სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, გლდანის აგრარული ბაზრის საბითუმო განყოფილება დღეს, 3 მაისს გაიხსნა. უწყების განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სავაჭრო ობიექტის შესასვლელში მობილიზებულია პერსონალი, რომელიც ბაზრის ტერიტორიაზე შემავალ მანქანებს დეზინფექციას უტარებს, მომხმარებლებს დამცვავ საშუალებებს აძლევს, ტარდება თერმოსკრინინგი.
სურსათის ეროვნული სააგენტო, ასევე, აღნიშნავს, რომ აგრარული ბაზრის საცალო ნაწილში, მიმდინარეობს ძველი დახლების დემონტაჟი, დასუფთავების სამუშაოები და ნარჩენების გატანა.
პირველ მაისს გლდანის აგრარული ბაზრის მოვაჭრეებმა აქცია გამართეს და დასაწყობებული პროდუქტი, ტომრებში შენახული მწვანილი ნაგვის ურნაში გადაყარეს. მოვაჭრეები აცხადებენ, რომ პროდუქტს დიდი ხანია ინახავენ, მათი რელიზაციის საშუალება კი არ აქვთ და უკვე გაფუჭდა. მათ სცადეს ბაზრის გარეთ გაეყიდათ პროდუქტი, თუმცა მუნიციპალურმა ინსპექციამ ისინი გააფრთხილა.
სურსათის სააგენტოს განცხადებით, ბაზრები ეტაპობრივად გაიხსნება, 3 მაისის მონაცემებით კი მთელი ქვეყნის მასშტაბით 30-მდე აგრარული ბაზარი ფუნქციონირებს. საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, თბილისის აგრარული ბაზრები 7 აპრილს დაიკეტა.
აგრარული ბაზრების გახსნა 27 აპრილიდან დაიწყო, თუმცა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, საქართველოში მოქმედი 80 აგრარული ბაზრიდან უმრავლესობა მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და არ უნდა იყოს მოლოდინი, რომ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ყველა იმუშავებს.
ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ რეგიონებსა და თბილისში აგრარული ბაზრების აღდგენა ეტაპობრივად, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და რეგიონული შტაბების კოორდინაციით მოხდება.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 593 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 223 უკვე გამოჯანმრთელდა, 9 ადამიანი კი გარდაიცვალა.