საოკუპაციო ხაზთან, სოფელ რუხში მოხუცთა თავშესაფარი მოეწყობა

872

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს საქველმოქმედო ორგანიზაცია „აფხაზეთს“ გადასცა 4221 კვადრატული მეტრი არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა. ამის შესახებ ლაივპრესი წერს. 

საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ჭეჟიას განცხადებით, ორგანიზაციას ამ ტერიტორიაზე მოხუცთა თავშესაფრის აშენება სურს.

თავად ორგანიზაციის წარმომადგენელმა სოფიკო ლაგვილავამ “ლაივპრესს” უთხრა, რომ თავშესაფრის მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება.

„ეს იქნება სახლი, რომელიც ხანდაზმულებს მულტიპროფილურ სერვისს შესთავაზებს, როგორიცაა დღის ცენტრის მომსახურება, შინმოვლის სერვისი და სათემო 24-საათიანი მომსახურება-თავშესაფარი. ამავე სახლში მოვემსახურებით ასევე ბავშვებს მოწყვლადი ოჯახებიდან“, – გვითხრა სოფიკო ლაგვილავამ.

მისივე თქმით, მომსახურება უფასო იქნება.

ორგანიზაციის ინიციატივით, ასეთივე სახლი 2016 წელს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში გაკეთდა.