მირიან ქათამაძე: ქობულეთის მერია კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულებს რეაბილიტაციის დროს მედიკამენტებს დაუფინანსებს

828

ქობულეთის მერია კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულებს მედიკამენტებს დაუფინანსებს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ქობულეთის მერმა, მირიან ქათამაძემ განუცხადა. მისი თქმით, ადგილობრივ ბიუჯეტში თანხები უკვე გათვალისწინებულია.

მირიან ქათამაძის განცხადებით, გამოჯანმრთელებულები საჭიროებენ სხვადასხვა მედიკამენტოზურ დახმარებას რეაბილიტაციის პერიოდში, აქედან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის მერიამ, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, მიიღო გადაწყვეტილება და განკურნებულ პირთა რეაბილიტაციის პერიოდში, მედიკამენტოზური დახმარების დააფინანსებს.

თითოეულ ბენეფიციარს დაუფინანსდება არაუმეტეს 500 ლარის ღირებულების მედიკამენტი. პროგრამის ბიუჯეტი 17 500 ლარია.

„ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში არის ახალი ქვეპროგრამა, რომელიც ითვალისწინებს „კოვიდ-19“-ისგან გამოჯანმრთელებულთა მედიკამენტებით უზრუნველყოფას. მიმდინარე წლის აპრილის თვეში როგორც მოგეხსენებათ ქობულეთის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა „კოვიდ-19“-ის ინფექციის არა ერთი შემთხვევა, იყო და არის ქობულეთის კლასტერი, რომელიც გავრცელებულია რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში და მათ შორის ქალაქ ქობულეთშიც. ამ ადამიანების კლინიკურ მკურნალობას აფინანსებს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო. ჩვენ უკვე გვყავს ექვსი გამოჯანმრთელებული, რომლებიც გაეწერნენ კლინიკიდან და ისინი რჩებიან მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ თვითოზოლაციის პირობებში. ყველა ამ ადამიანს ჰოსპიტალური მკურნალობის შემდეგ სჭირდება მკაცრი რეაბილიტაცია, რომელიც არის დაკავშირებული მედიკამენტებთან და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია კიდევ ერთხელ იღებს თავის თავზე ამ მნიშვნელოვან ფუნქციას და ამ ადამიანებს ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაეხმარება მედიკამენტების შეძენაში. ასეთი ჯერჯერობით გვყავს ექვსი პირი, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ 36 ინფიცირებული პირიდან ყველა იქნება გამოჯანმრთელებული. შესაბამისად, ჩვენ სრულ რეაბილიტაციაში შევიტანთ წვლილს“, – განაცხადა მირიან ქათამაძემ.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 566 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 184 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.