ქუთაისში ბაგა-ბაღების აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტის დარიგების მეორე ეტაპი დაიწყო

595

ქუთაისში ბაგა-ბაღების აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტის დარიგების მეორე ეტაპი დაიწყო. საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, ააიპ „ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების“ მართვაში არსებულ 37 ფილიალში სააღმზრდელო პროცესის შეჩერების გამო, კვების რაციონის გათვალისწინებით, აღსაზრდელების მშობლებს ის პროდუქტები გადაეცათ, რაც ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი.

საკვები პროდუქტების გაცემას რამდენიმე ბაღში ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი, დავით ერემეიშვილი, მოადგილე ნინო თვალთვაძე და ა(ა)იპ ბაგა ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი დავით წიტაიშვილი გაეცნენ.

„დღეიდან ქუთაისის ბაგა-ბაღების აღსაზრდელებისთვის ისევ ვარიგებთ საკვებ პროდუქტებს. 8 500-მდე აღსაზრდელი მიიღებს სასურსათო ამანათს. ამ პროდუქტების წაღება მშობლებს ბაგა-ბაღებიდან უკვე შეუძლიათ. სასურსათო პაკეტი შედგება არამალფუჭებადი საკვები პროდუქტებისგან და დაცულია ყველა რეკომენდაცია“, – განაცხადა ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ერემეიშვილმა.

ქუთაისის ბაგა-ბაღების აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტის დარიგების პირველი ეტაპი მარტის თვის ბოლოს განხორციელდა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 539 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 178 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.