COVID-19-ით გამოწვეული ფორსმაჟორული გარემოების გამო, ბათუმის მერია კონტრაქტორ კომპანიებს, რომლებსაც საიჯარო ვალდებულებები აქვთ, პირგასამტეხლოსგან გაათავისუფლებს, შესაბამისი განკარგულების პროექტი დღეს, 30 აპრილს, ბათუმის საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე უნდა განიხილოს. ამის შესახებ ბათუმელები წერს.
განკარგულების პროექტის მიხედვით, იმ პირებს, რომლებსაც მუნიციპალიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ნებისმიერი ვალდებულების შესრულების ვადა 2020 წლის 1-ლი მარტიდან უკვე დაუდგათ, ან მათ ვერ შეასრულეს ვალდებულებები [გარდა საპრივატიზებო/სარგებლობის საფასურის გადახდის ვალდებულებისა], უნდა მიმართონ მერიას პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების მოთხოვნით.
შესაბამისი აქტის საფუძველზე მათ მიეცემათ დამატებითი ვადა საპრივატიზებო ან სარგებლობის საფასურის გადასახდელად არაუგვიანეს 2020 წლის 20 დეკემბრამდე და გათავისუფლდებიან ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დარიცხული ან დასარიცხი პირგასამტეხლოსგან.
დამატებითი ვადის ათვლა დაიწყება 2020 წლის 1-ლი ივლისიდან იმ პირების მიმართ, ვისაც ეს ვალდებულება წარმოეშობა 2020 წლის 1-ელ ივლისამდე, ხოლო იმ პირებს, ვისი ვალდებულების შესრულების ვადა დადგება 2020 წლის 1-ლი ივლისის შემდეგ, ვალდებულების შესრულების ვადის დადგომის დღიდან.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 539 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 178 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.