სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმოებისთვის სპეციალური საშვების მისაღებად ქუთაისის მერიასთან მეორე დღეა მსურველთა რიგი არ წყდება.
მოქალაქეების სიას მერიის თანამშრომლები ადგენენ. მათ შენობაში შესაბამისი ნორმის მიხედვით უშვებენ და დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებენ.
მერიასთან შეკრებილი მოქალაქეები აცხადებენ, რომ საშვები ძირითადად სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის სჭირდებათ. მერიასთან კვლავ განთავსებულია სპეციალური ჯებირები. ადგილზე მობილოზებულები არიან სამართალდამცავები და მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც ნაკადის მოწესრიგებას უზრუნველყოფენ.
ოთხი დიდი ქალაქის, თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და რუსთავის – მცხოვრებლებისთვის ავტომობილებზე პეციალური საშვები იმ მოქალაქეებზე გაიცემა, რომელთაც სასოფლო-სამეურნეო სავარგულები აქვთ.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 539 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 178 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.