ბათუმში აბონენტებს მოხმარებული წყლის საფასური სამი თვის განმავლობაში სრულად დაუფინანსდებათ

1073

ბათუმის მასშტაბით აბონენტებს მოხმარებული წყლის საფასური სამი თვის განმავლობაში (მარტი, აპრილი, მაისი) სრულად დაუფინანსდებათ.

“ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული შეღავათების ფარგლებში იქნა მიღებული.

აღნიშნული შეღავათი ვრცელდება მხოლოდ ფიზიკურ პირებზე. შეღავათი არ შეეხება კომერციულ ობიექტებს, არც ძველ დავალიანებებს.

„საქართველოს მთავრობის მიერ მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება, კერძოდ 28 აპრილს ხელი მოეწერა დადგენილებას, რომლის საფუძველზეც, კომუნალური აბონენტების წყალისა და წყალარინების საფასური სუბსიდირებული იქნება სრულიად სახელმწიფოს მიერ. ეს აღარ იქნება დამოკიდებული, არც ელექტროენერგიისა და არც გაზის მოხმარების რაოდენობაზე. აბონენტები, რომლებმაც გადაიხადეს მარტის თვის საფასური, მათ გადახდილი თანხა შეუძლია გამოითხოვონ ან გატარდება მათ სააბონენტო ბარათზე და გადანაწილდება მომდევნო თვეებზე, როდესაც დასრულდება სუბსიდირება. სუბსიდირება მოიაზრებს მხოლოდ, მოსახლეობის მიერ დახარჯული წყლის ანაზღაურებას და ის არ ვრცელდება ძველ დავალიანებასა და კომერციულ ობიექტებსა და საბიუჯეტო ორგანიზაციებზე. არავითარი ლიმიტი არ არის არც თანხისა და კუბადორობის მიხედვით, რამდენიც იქნება დანახარჯი მოსახლეობის და აღრიცხული იქნება ლიცენზიანტი კომპანიების მიერ, შესაბამისად მოხდება ანაზღაურება, უნდა აღვნიშნო, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, როგორც მოსახლეობისათვის, ასევე ლიცენზიანტი კომპანიებისათვის არის დიდი დახმარება“. – აცხადებს „ბათუმის წყლის“ გენერალური დირექტორი, მარიკა გვიანიძე.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 539 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 178 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.