საკარანტინო მდგომარეობის მიუხედავად, ბოლნისის მუნიციპალიტეტში საგაზაფხულო, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი და საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი დღეს სოფელ დისველში ხორბლის ნათესებში სასუქის შეტანის პროცესს დაესწრნენ, ფერმერებს გაესაუბრნენ და სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე საგაზაფხულო სამუშაოების განხორციელების პროცესს ადგილზე გაეცნენ.
„ბოლნისის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო, საგაზაფხულო სამუშაოები კარანტინის მიუხედავად აქტიურად მიმდინარეობს. დღეს სოფელ დისველში ხორბლის ნათესები მოვინახულეთ, სადაც სასუქის შეტანის პროცესი უკვე დაიწყო. ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის სოფლის მეურნეობა პრიორიტეტული დარგია, ამ მიმართულებით ჩვენ არაერთ პროექტს ვახორციელებთ. განსაკუთრები ახლა, პანდემიის დროს, მნიშვნელოვანია ფერმერების მხარდაჭერა, რათა მათ შეუფერხებლად შეძლონ სავარგულების დამუშავება. ჩვენ ნებისმიერ ფერმერს საჭიროების შემთხვევაში დროულ დახმარებას აღმოვუჩენთ“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 517 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 168 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.