ოზურგეთის საკრებულომ სხდომა ონლაინ გამართა

604

ოზურგეთის საკრებულომ ბიუროს სხდომა ონლაინ, პროგრამა “ზუმის” საშუალებით გამართა. დღევანდელ, 29 აპრილის სხდომაზე, დღის წესრიგის მიხედვით, ოთხი საკითხი უნდა განიხილონ. ეს ერთ-ერთი პირველი შემთხვევაა, როცა საკრებულომ საკითხები ონლაინ განიხილა. ამ დრომდე მსგავს შეხვედრებს კორონავირუსის საკითხზე შექმნილი საკოორდინაციო საბჭო მართავდა. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.

ოზურგეთის საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ “ახალი კორონავირუსის (COVID 19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, ოზურგეთის საკრებულოს ბიურომ სხდომა ონლაინ, ელექტრონული პლატფორმის გამოყენებით გამართა. ეს პირველი შემთხვევაა როცა საკრებულოს წევრები საკითხებს ონლაინ, შესაბამისი ელექტრონული მექანიზმების გამოყენებით განიხილავენ”.

სხდომაში მონაწილეობა ბიუროს წევრებთან ერთად, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა დისტანციურად მიიღეს. სხდომის პირდაპირი ტრანსლირება საკრებულოს ოფიციალურ ვებ გვერდსა და სოციალურ ქსელში განხორციელდა.

“ბიუროს წევრებმა ოთხ საკითხზე იმსჯელეს და საკრებულოს სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცეს. საკრებულო განიხილავს 2019 წლის ბიუჯეტის და შესყიდვების შესრულების ანგარიშებს, აგრეთვე, „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესსა და გაწეული მუშაობის ანგარიშის ფორმის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების მიღებას.

საკრებულოს სხდომა 30 აპრილს 12 საათზე ფოლკლორის ცენტრში გაიმართება, რათა დაცული იქნას სოციალური დისტანცია და უსაფრთხოების ყველა ზომა,”- ნათქვამია საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

https://www.facebook.com/228069353941937/videos/255580772260908/

 

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 517 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 168 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.