დღეიდან ლენტეხის მუნიციპალიტეტსა და ხაშურის მუნიციპალიტეტ სოფელ ხიდისყურში სპეციალური რეჟიმი მოიხსნა. ამის შესახებ განცხადება კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერმინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა გააკეთა.
მისი თქმით, ამ ორ გეოგრაფიულ პუნქტში იმოქმედებს ის შეზღუდვები, რაც მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზეა.
“ლენტეხის მუნიციპალიტეტში 10 აპრილიდან და ხაშურის მუნიციპალიტეტ სოფელ ხიდისყურში 13 აპრილიდან მოქმედებს სპეციალური გამკაცრებული რეჟიმი, რის ფარგლებშიც დაახლოებით 4500-მდე ადამიანს რამდენჯერმე ჩაუტარდა თერმოსკრინინგი პროაქტიულად. ასევე, ჩატარდა შესაძლო კერების ყველა კონტაქტის მიზნობრივი კვლევა. მიღებული ინფორმაციის შესაბამისად და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის გათვალისწინებით, დღეიდან სპეციალური რეჟიმი ამ ორ გეოგრაფიულ პუნქტში იქნება მოხსნილი და 28 აპრილიდან იმოქმედებს ის შეზღუდვები, რაც მოქმედებს მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე,” – განაცხადა ჩიქოვანმა.
მან ასევე ხაზი გაუსვა იმასაც, რომ როგორც ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ასევე სოფელ ხიდისყურში იყო ჩატარებული მნიშვნელოვანი ღონისძიებები.
“გამოკვლეულია აბსოლუტურად ყველა კონტაქტი. მაქსიმალურად არის შემოწმებული ყველა ადამიანი, თითოეული მოსახლე ამ გეოგრაფიული პუნქტების და შესაბამისად, ამ ყველაფრის ანალიზმა მოგვცა ამ გადაწყვეტილების მიღების საშუალება,” – განაცხადა ჩიქოვანმა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 31 მარტიდან კარანტინი გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში 22 მაისამდეა დაწესებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა. ამასთან, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 210 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 511 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 156 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 ადამიანი კი გარდაიცვალა.